მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა" - ეკატერინე ტიკარაძე სკოლებში უფასო კვებაზე

6177ac92aad3e
მარიამ ვარადაშვილი
26.10.21 11:49
2000
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სკოლებში უფასო კვების საკითხზე სამინისტროში მუშაობა მიმდინარეობს და ამ პროცესში გაეროს ბავშვთა ფონდიც (Unicef) იქნება ჩართული.

მინისტრი ირწმუნება, რომ ამ საკითხზე უკვე ორი წელია მუშაობენ.

საქმე ის არის, რომ თავდაპირველად, საჯარო სკოლებში უფასო კვების დაპირება “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ არჩევნების მეორე ტურის კამპანიის დროს გასცა. რამდენიმე დღეში კი, tv “იმედის“ ეთერში თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ საკითხზე კანონპროექტიც კი მოამზადა და პარლამენტში შეიტანა, თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტებთან განმარტა, რომ კანონპროექტი არ უგულისხმია და თქვა, რომ სამინისტროში ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს, რაც დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც დაადასტურა.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ჯანმრთელი ცხოვრების წესი დანერგვა. ჯანსაღი კვება არის ერთ-ერთი მთავარი, რაც ადამიანის ჯანმრთელობას განაპირობებს. მნიშვნელოვანია ბავშვების ადრეულ ასაკშიც სწორი განვითარება და სწორედ ეს პროექტია განხილული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

ინტენსიურად ვიმუშავებთ როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე Unicef-თან. მათთან ერთად პროექტი დეტალურად გაწერილია როგორც კვების მენიუს, ასევე ფინანსურ ნაწილში. ორი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ეს უკვე განხილულია“, - აცხადებს ტიკარაძე.

ჯანდაცვის სამინისტროში BMG-საც უთხრეს, რომ სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე განხილვა მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე მას კანონპროექტის სახე არ აქვს და შესაბამისად, არც პარლამენტში შეუტანიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები