"პანდემიაზე გამარჯვება ერთხელ 2020 წლის აპრილში ვიზეიმეთ, ახლაც ვზეიმობთ, არ ვსწავლობთ შეცდომებზე"
თათია ჩაფიჩაძე
19.03.22 00:15
• 955
სამედიცინო ცენტრ „ლაბუნოს“ გენერალური დირექტორი გია კავკასიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული აცრების მაჩვენებლის ფონზე, სახელმწიფოს პანდემიის დასრულების იმედი არ უნდა ჰქონდეს. კავკასიძე აქცენტს ომიკრონის ახალ ქვეშტამზე აკეთებს, რომელიც ევროპასა და აზიაში ბოლო პერიოდში საკმაოდ გავრცელდა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. მაგალითისთვის ჰონკონგში ინფიცირების 20 შემთხვევიდან ერთის სიკვდილით მთავრდება და ეს შედეგი დგება სწორედ მოსახლეობის აუცრელ კატეგორიაში.
კავკასიძე აცხადებს, რომ საქართველოში ინფიცირების შემთხვევების კლება არა რეალურად პოზიტიურ შედეგებს, არამედ PCR ტესტების დაფინანსების შეწყვეტას უკავშირდება.
„ევროპაში ვისი აცრაც შეიძლებოდა, ყველა აცრეს და ეს არის მოსახლეობის დიდი ნაწილი, მაგალითად პორტუგალიაში 92%-ზეა საუბარი. ჩვენთან ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 34%. ომმა სრულად გადაფარა მთელ მსოფლიოში პანდემიის პრობლემა, მაგრამ ევროპაში თუ ეს ნაკლებად აქტუალურია ვაქცინაციის მაჩვენებლის გამო, ჩვენთან ეს წესით საკმაოდ აქტუალური უნდა იყოს.
ახალი შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად დაიკლო, მაგრამ მე გეტყვით რომ თუ არცერთ ტესტს არ ჩავატარებთ, იქნება ნული. სახელმწიფო აღარ აფინანსებს PCR ტესტებს, რომელიც არის მაღალი სანდოობის. სწრაფი ტესტების სიზუსტე 60%-ს არ აღემატება, ანუ 40% შეიძლება იყოს ცრუ, შესაბამისად ამ მონაცემებზე დაყრდნობით არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფიცირებულების რაოდენობა შემცირდა.
თუ გადახედავთ მონაცემებს, ვნახავთ, რომ ინგლისში მოიმატა რაოდენობამ და სიკვდილიანობამ, ჩეხეთსა და შვეიცარიაშიც მოიმატა, ეს ყველაფერი ამ ახალი შტამის ხარჯზე ხდება, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ომიკრონი. ის შედარებით იოლად მიმდინარეობდა ჯანმრთელ ადამიანებში, მაგრამ იმ ქრონიკული დაავადების მქონე პირებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს, რის ხარჯზეც სიკვდილიანობა მომატებულია.
ერთხელ ხომ ვიზეიმეთ პანდემიაზე გამარჯვება 2020 წლის აპრილში, მერე ხომ გვახსოვს რა ცოდვაც ტრიალებდა სექტემბერ-ოქტომბერში, ახლა ვზეიმობთ 2022 წლის მარტში, ცუდი გაკვეთილები გვაქვს და არ ვსწავლობთ შეცდომებზე", - განაცხადა კავკასიძემ.
ცნობისთვის, 1 მარტიდან, PCR ტესტირება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღარ ფინანსდება, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით იხსნება.