საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2022 წლის პრესის თავისუფლების განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს. RSF-ის შეფასებით, გასულ წელთან შედარებით საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაუარესდა.
180 ქვეყანას შორის წელს საქართველო 89-ე ადგილს იკავებს, მისი სარეიტინგო ქულა კი 59.30 შეადგენს. გასულ წელს საქართველო საერთაშორისო რეიტინგში მე-60 ადგილზე იყო და მისი ქულა 71.36 აღწევდა.
29-ადგილიანი ჩამოქვეითების ძირითად გამომწვევ მიზეზად ორგანიზაცია ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის შემთხვევების უპრეცედენტო ზრდას ასახელებს.
„ქვეყანაში ხშირია ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევები. აგრესორთა შორის არიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც, განსაკუთრებით კი საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, - წერია ანგარიშში.
მედიის თავისუფლების რეიტინგში 92 ქულით პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე - დანია, მესამე ადგილს შვედეთი იკავებს. რეიტინგში ბოლო ადგილზე კი ჩრდილოეთ კორეაა, მისი სარეიტინგო ქულა 14 შეადგენს.
რაც შეეხება რეგიონს: სომხეთი (#51); საქართველო (#89); თურქეთი (#149); აზერბაიჯანი (#154); რუსეთი (#155).

























