მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"პრეზიდენტის ასისტენტი ვიქნები" - მირანდა ყიფშიძე Broadway-ში 10-კაციან გუნდს უხელმძღვანელებს

636cc60723da4
თამთა ჯიჯავაძე
10.11.22 23:55
1583
მირანდა ყიფშიძემ Broadway-ის თეატრში დაიწყო მუშაობა. ის თეატრის მენეჯმენტში 10-კაციან გუნდს ხელმძღვანელობს. როგორც bm.ge-ს მირანდამ უთხრა უკვე რამდენიმე დღეა თეატრის პრეზიდენტის ასისტენტის პოზიციას იკავებს, რომლის ფარგლებშიც მისი მოვალეობა მსახიობებთან, კომპოზიტორებთან, სცენარისტებთან მოლაპარაკებების წარმოებაა.

„Broadway-ის თეატრი, როგორც ყველამ ვიცით, ნიუ-იორკში თავისი ისტორიით ყველაზე ცნობილი თეატრია. ამიტომაც, რა თქმა უნდა, ამ თეატრის მენეჯმენტში ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ჩაბარებული მექნება ისეთი ლიცენზიები, რომლებსაც ფლობენ მაგალითად სტეფან კინგი, ბითლსები, არტურ მილერი, და ა.შ“, - ამბობს მირანდა ყიფშიძე.

Broadway-მდე მან დიდი გზა გაიარა. ამერიკა მისთვის მეოთხე ქვეყანაა, სადაც ცხოვრება და სწავლა გადაწყვიტა. ამჟამად ის „ჰარვარდის“ ონლაინ კურსებსაც გადის მენეჯმენტის და ბიზნესის მიმართულებით.

„კოვიდპანდემიის გამო ამერიკაში საცხოვრებლად გადმოსვლა გადავწყვიტე. დედაჩემი აქ ცხოვრობს და უკვე ერთი წელია აქ ვარ. ჩამოსვლიდან ორ კვირაში დავიწყე მარკეტინგულ კომპანიაში მუშაობა, მაგრამ, პარალელურად, ვეძებდი ისეთ საქმეს, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა, Broadway-ის გასაუბრებების პარალელურად, ინტერვიუები მქონდა NBA-ს და New York MoMA-ს მარკეტინგის გუნდთან, მაგრამ Broadway-მ მაინც ჩემი მოხიბვლა შეძლო“, - ამბობს ყიფშიძე.

რაც შეეხება მის წარსულ გამოცდილებას, მირანდამ საბაკალავრო პროგრამა თურქეთში, კერძოდ ანკარას "ჰაჩეტეპეს" უნივერსიტეტში დაასრულა. მაგისტრატურისთვის კი პარიზში იცხოვრა ხუთი წელი. „მაქვს ორი MBA-ს დიპლომი Fashion და luxury მენეჯმენტში, ასევე მაგისტრატურა International Luxury მარკეტინგში, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე პარიზში მუშაობა „დიორის“ პრეს სამსახურში დავიწყე. იქ მუშაობისას პირდაპირი შეხება მქონდა Vogue-ს, Vanity Fair-ის და ყველა გამომცემლობასთან მსოფლიოს მასშტაბით. ამასთან, საოცარი გამოცდილება იყო ისეთ ვარსკვლავებთან მუშაობა, როგორიც არის, მაგალითად, ნიკოლ კიდმანი, მარიონ კოტიარი, მირანდა კერი, ელზა ზილბერშტეინი, ჟიზელი და სხვა. ეს კონტაქტები დღემდე ძალიან ბევრ საინტერესო საქმეში გამომიყენებია“, - გვიყვება ის.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი მირანდა ამბობს, რომ ის შეიძლება დაბრუნდეს საქართველოში, თუ მას აქ საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები