მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული კომპანიები ქვეყნის გარეთ რომ გავიდნენ, ცოდნით უნდა იყვნენ აღჭურვილნი" - ბიზნესმენი

60437ce422c6d
თამთა ჯიჯავაძე
06.03.21 17:40
867
თუ გვინდა რომ ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ ტენდერებში ჩვენს გარშემო მდებარე ქვეყნებში, პირველ რიგში უნდა იყვნენ შეირაღებულები კარგი ცოდნით, - ამის შესახებ Caucasus Road Project-ის დამფუძნებელმა პაატა ტრაპაიძემ გადაცემა BMGDRIVE-ში განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესს სჭირდება სამი რამ. ესენია: გარემო, ცოდნა და ფული.

„ფული დღეს მსოფლიოში იმდენია, რომ თუ გარემო კარგია, ფულს ყოველთვის უყვარს კარგი ნავსაყუდელი, სადაც არ არის ქარიშხლები და არის სტაბილურობა. ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ბალტიისპირეთის გარდა, წინ ვართ, მაგრამ ყველაზე უფრო მტკივნეული საკითხი აქ სასამართლო სისტემაა. არცერთ ინვესტორს არ აქვს ჭეშმარიტი რწმენა, რომ სასამართლოში მისი სიმართლე გაიმარჯვებს. ჩვენი მთავარი პრობლემა გარემოსთან მიმართებაში არის სასამართლო სისტემა. თუ ამას გამოვცვლით, უკვე იდეალური სიტუაცია იქნება ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად.

და რჩება ბოლო რამ - ცოდნა. ცოდნის მხრივ ჩემი კომპანია მაგალითად, გახსნის დღიდან ყოველთვის თანამშრომლობს მოწინავე ევროპულ კომპანიებთან. მათგან ძალიან ბევრი რამ ისწავლეს ჩემმა თანამშრომლებმა და მეც. ქართული კომპანიები რომ გავიდნენ ქვეყნის გარეთ, ისინი ცოდნის თვალსაზრისით უნდა იყვნენ კონკურენტუნარიანები. ნოუ-ჰაუებით უნდა იყვნენ გაჯერებულები“, - აღნიშნა პაატა ტრაპაიძემ.

მან მაგალითად მოიყვანა სომხეთის ბაზარი, სადაც მისი თქმით, თურქები და აზერბაიჯანელები ვერ იღებენ მონაწილეობას ტენდერებში, ხოლო ჩინელებთან მიმართებითაც მაინც და მაინც კარგი განწყობა არ არის.

„რჩებიან რუსები და ევროპელები. რუსული კომპანიები საკმაოდ მაღალფასიანი კომპანიები არიან, ხოლო მათი ცოდნა საკმაოდ ჩამორჩება ევროპული ქვეყნების საინჟინრო აზროვნებას. მოსკოვში ბოლოს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი და ესტაკადები რომ ვნახე, გული გამისკდა, იმდენად ბევრი რკინაა გამოყენებული“, - განაცხადა Caucasus Road Project-ის დამფუძნებელმა და დასძინა, რომ სწორედ ქართულ კომპანიებს აქვთ პოტენციალი კონკურენტუნარიანები იყვნენ მეზობელ ქვეყნებში, თუმცა, ამისთვის ისინი უნდა იყვნენ აღჭურვილი ცოდნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები