მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა ტოტალური კონტროლის დამყარებაა - გია ხუხაშვილი

63f9db0fcf4cb
ელენე კვანჭილაშვილი
25.02.23 20:12
1000
„მთავარი პრობლემა ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობა დაამკვიდროს“ – ამბობს გია ხუხაშვილი ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში, "ანალიტიკა".

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის თქმით, "ქართული ოცნების" მიზანი ევროკავშირზე უარის თქმა კი არ არის, არამედ მათი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება.

„მათ უნდათ ჩვენს ქვეყანაში რუსული მოდელის რეჟიმი დაამყარონ, მაგრამ კეთილდღეობა ჰქონდეთ დასავლეთში. თუ დასავლეთი ამაზე ხელს მოუწერს და ამას დათანხმდება, თუ მიიღებს და აცხოვრებს – რატომაც არა. "ქართულ ოცნებას" დასავლეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ უნდა, თუ ამ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნის“, - ამბობს ხუხაშვილი.

მას მიაჩნია, რომ დღეს ევროპაში „ნათელი წერტილი“ "ქართული ოცნებისთვის" ვიქტორ ორბანია. „ესენი [ქართული ოცნება] თავიანთი ქმედებების მოდელად ვიქტორ ორბანს იღებენ. ორბანიც რუსული მატრიცის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა შედარებით ნაკლები შესაძლებლობები აქვს, რადგან უნგრეთი ევროკავშირშია და მასზე მეტი და უფრო ეფექტიანი ბერკეტი ვრცელდება“, – ამბობს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა ტოტალური კონტროლის დამყარებაა.

„ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია ერთგვარი ავტორიტარული ბულიმია – ისინი ვერ ძღებიან ძალაუფლებით და სულ წინ უნდა მიდიოდნენ იმიტომ, რომ როგორც კი გაჩერდებიან და კონტროლს შეასუსტებენ, სულ აქვთ შიში, რომ აი ეს ხუხულასავით აშენებული შენობა თავზე დაენგრევათ“, - ამბობს გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ "ქართული ოცნება" სამოქალაქო სექტორსაც იმ ფორმულით მიადგა, რაც ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი.

#ანალიტიკა–ში გია ხუხაშვილთან საუბრის თემა ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონი იყო, რომელსაც ქართულმა ოცნებამ მხარი დაუჭირა. კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩაატაროს კვლევა. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები