"კვლევების მიხედვით, ქვეშეთი-კობი გზა ყველაზე გამომწვევი მონაკვეთია სამხრეთი-ჩრდილოეთის მიმართულებით", - ასე აფასებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძემ ახალ პროექტს, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
მინისტრმა პროექტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეშეთი-კობის გზის პროექტი ისტორიულ-კომპლექსური პასუხია ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც არამხოლოდ რეგიონს, არამედ ქვეყანას ჰქონდა.
„კვლევის მიხედვით, კლიმატური პირობების გამო გზა 98 დღით იკეტება; ამ პროექტის განხორციელების შემდეგ კი არც ერთი დღე არ ჩაიკეტება“, - აღნიშნა მან.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროექტში გათვალისწინებული 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის სპეციალური ტექნიკა დამზადდა და გვირაბის გაბურღვის სამუშაოები საიუველირო სიზუსტით ჩატარდა. ამასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ 10 სოფელზე გამავალი გზა ამ სოფლებს „ახალ გუდაურებად“ აქცევს.
„ამ პროექტის ფარგლებში სულ 5 გვირაბია გათვალისწინებულია და პროექტი სრულად 10 სოფელს მოიცავს. ვხედავთ, რამდენად დიდია ამის პოტენციალი, რომელიც დანახული გვაქვს და რეალურად შესაძლებლობა გვაქვს, იმ 10 სოფლის ადგილას ახალი გუდაურები მივიღოთ“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი ასევე არკულ ხიდს მოიცავს, რომელიც რეგიონისთვის უნიკალურია, რამდენადაც ასეთი ხიდი საქართველოში ჯერ არ აშენებულა. მისივე თქმით, "მაგისტრალური პროექტები კომპლექსური პასუხია ძალიან დიდი სოციალური ელემენტით". "2020 წელს 6 000 პროექტში 1300 კომპანია და 31 000 ადამიანი იყო დასაქმებული და ეს რიცხვი ახალ პროექტებთან ერთად მზარდია", - თქვა მან.