დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. როგორც გამყრელიძე წერს, ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას საგანმანათლებლო სფეროში აგრძელებს. ვრცელ მიმართვაში NCDC-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კოვიდ-პანდემიის წლებმა დიდი გავლენა მოახდინა.
“მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღვნიშნო, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აღნიშნული პოსტი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას...
ამ ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კეთდებოდა ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რაც შემდგომ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ”, - წერს გამყრელიძე.
საკუთარ მიმართვაში გამყრელიძე საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის მნიშვნელობაზე წერს და აცხადებს, რომ ქვეყანამ ამ მიმართულებით სვლა უნდა გააგრძელოს.
“ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.
ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას და უფრო მეტი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ”, - წერია მიმართვაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, NCDC-ის ხელმძღვანელის პოსტს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაიკავებს.