მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეგიონებში სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებს ჩეხეთის საელჩოსგან ფინანსური მხარდაჭერის მიღება შეუძლიათ"

61c0cd62c456c
თამთა ჯიჯავაძე
20.12.21 23:07
648
საქართველოში ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით სამი მილიონი ევროა. ამის შესახებ Forbes Georgia-სთან და BMG-სთან ინტერვიუში საელჩოს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა იანა ზელინგეროვამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა მიზნობრივად იხარჯება სწორედ იმ მოწყვლად ჯგუფებსა და სექტორებზე, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ.

„ჩეხეთის საელჩომ პანდემიის შედეგად გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობა შეძლო. განვითარების თანამშრომლობის პროექტების უმრავლესობა არ შეჩერებულა, უბრალოდ ზოგიერთი გახანგრძლივდა, ზოგი კი შეიცვალა სამოგზაურო შეზღუდვების გამო. თუმცა, მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ყველა მხარის აქტიური მონაწილეობისა და მცდელობების შედეგად, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება წარმატებით დავასრულოთ რამდენიმე მასშტაბური პროექტი სოციალური ინკლუზიის მიმართულებით“, - განაცხადა ზელინგეროვამ და დასძინა, რომ მათ შორის არის მაგალითად, ზუგდიდში კიბოს სკრინინგ-ცენტრის პროექტი და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების პროექტი.

ცნობისთვის, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს პრიორიტეტულ სექტორებს 2018-2023 წლების პროგრამის მიხედვით, სოციალური განვითარება, სოფლის მეურნეობა და რეგიონული განვითარება და კარგი დემოკრატიული მმართველობა წარმოადგენს.

როგორც იანა ზელინგეროვა აცხადებს, პრიორიტეტული სექტორები ორმხრივი დიალოგის საფუძველზე განისაზღვრება და მას საფუძვლად ადგილობრივი საჭიროებები უდევს.

ჩეხეთის საელჩო საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების აქტიური მხარდამჭერიცაა.

„ძლიერი კერძო სექტორი და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია. ამიტომაც ჩეხეთის განვითარების პროგრამა საქართველოში მხარს უჭერს მათ სხვადასხვა ინსტრუმენტებით. მაგალითად გვაქვს B2B პროგრამა, ან UNDP-სთან ერთად გვაქვს Challenge fund-ის პროგრამაც, რომელიც ჩეხეთის ინოვაციური გადაწყვეტების საქართველოსთვის გაზიარებას ითვალისწინებს. ამ კუთხით ერთ-ერთი კარგი მაგალითია რუსთავის ბიზნეს-ინკუბატორის შექმნა, რომელიც ადგილობრივი ინოვაციების ეკოსისტემას წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩეხეთის საელჩოსგან ფინანსური მხარდაჭერის მიღება რეგიონებში სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებს გრატებზე განაცხადების შემოტანით შეუძლიათ “, - განაცხადა იანა ზელინგეროვამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები