მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეორგანიზაციის ბრძანება გამოცემულია, ამას ვადასტურებ" - "რესპუბლიკურის" ხელმძღვანელი

641c531ef0c9e
თამთა ჯიჯავაძე
23.03.23 17:22
1225
ადმინისტრაციული რეორგანიზაციის ბრძანება გამოცემულია. ამას ვადასტურებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაზა ავალიანმა განუცხადა. მისი თქმით, რეორგანიზაცია არ მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამსახურის ლიკვიდაციას.

„ეს ეხება გარკვეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციას. მოგეხსენებათ, საშტატო რეორგანიზაცია ყოველთვის თანმდევია იმ პროცესების, რაც კოლექტივში ხორციელდება. ეს არ ნიშნავს არცერთი საჭირო სტრუქტურული ერთეულის თუ ფუნქციონალის გაუქმებას და არცერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამსახურის ლიკვიდაციას. საუბარი ეხება პროპორციას, რომელიც უნდა იყოს დაცული, რათა თავის მხრივ, შრომის ეფექტურობა იყოს დაცული და მიზანმიმართული.

კლინიკას, რასაკვირველია, აქვს კრიზისის გარკვეული ნიშნები, მენეჯმენტის გაუმჯობესების საკითხი დგას. მენეჯმენტის გაუმჯობესება კი რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ეს არის ოპტიმალური საშტატო პოზიციები და ბუნებრივია, ის სხვა საკითხები, რომლებიც სამედიცინო მიმართულებებს გააძლიერებს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, როგორც დაანონსებული იყო, კოვიდ-დეპარტამენტები უქმდება და „ეს არავისთვის უცხო არ იყო“.

„ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ჩვენი კოლეგების, რომლებმაც ამ საქმიანობას თავი ბრწყინვალედ გაართვესწ, მაგრამ კოვიდის-დეპარტამენტების საჭიროება აღარ დგას, შესაბამისად, ეს დეპარტამენტები გაუქმდა, თუმცა კლინიკა აგრძელებს ფუნქციონირებას, საუბარი სხვა ტიპის სამედიცინო დეპარტამენტების შესახებ არ არის“, - განაცხადა მან.

ზაზა ავალიანმა ასევე განაცხადა, რომ დღეს შედგა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კლინიკის ადგილას ახალი პროექტის განხორციელება არ იგეგმება.

„იცით, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, და დავადასტურებ იმ განზრახვას, რაც გააჟღერა მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნიამ ბრძანა, რომ არანაირი გეგმა იმის შესახებ, რომ ამ ლოკაციაზე რაიმე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, და რომ რესპუბლიკური გაიყიდება და აქ სხვა რამ აშენდება, არ არსებობს.

ეს მე დავუდასტურე დღეს კოლექტივს. მათი მოთხოვნაა, რომ ინფორმაცია დეტალური პრეზენტაციის სახით იყოს წარმოდგენილი იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა რესპუბლიკურ საავადმყოფოს; სამთავრობო გეგმა მუშავდება იმაზე, რომ განახლებული რესპუბლიკური შეუდგება ფუნქციონირებას ამავე ტერიტორიაზე. ახლა ისაზღვრება ტაქტიკური ნაბიჯები, რა სახით განხორციელდება ეს. ყველა შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ თუ ამის აუცილებლობა დადგება, კოლექტივის იმ წევრებს, რომლებიც აქ მრავალი წელია მუშაობენ, მიეცემათ ღირსეული კომპენსაცია, მაგრამ მიეცემათ ასევე ღირსეული ანაზღაურების შეთავაზება. მე ესეც გავაჟღერე შეხვედრაზე. არის განწყობა, რომ მათ სურთ გააგრძელონ მუშობა და არ არიან იმ კონცეფციის წინააღმდეგი, რომლის მიხედვითაც აქ ახალი საავადმყოფო 500 საწოლზე უნდა გაიხსნას. საუბარი მიდის იმ ძირითად ნაწილზე, რაც მათ აღელვებთ, რომ როგორი იქნება მათი შემდგომი ბედი იმ პერიოდში, რაც დასჭირდება ახალი შენობის ან აშენებას, ან განახლებას.

სამინისტრო ამის თაობაზე გააკეთებს საჯარო განაცხადს და ამის შესახებ მათ ექნებათ დეტალური ინფორმაცია. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ამ საავადმყოფოს გასხვისება და აქ სხვა პროექტის განხორციელება, ნამდვილად არ არის არანაირ სტრატეგიულ გეგმაში“, - განაცხადა ზაზა ავალიანმა.

შეგახსენებთ, დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა საპროტესტო აქცია გამართა. როგორც კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური განყოფილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი დუნდუამ განაცხადა, უკვე დაიხურა ორი განყოფილება, პედიატრიული და კოვიდთერაპიის დეპარტამენტი. მანამდე კი, რესპუბლიკური საავადმყოფოს 1000-მა თანამშრომელმა გაავრცელა მიმართვა, რომ საავადმყოფო იხურება და უსამსახუროდ რჩებიან.

ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ კლინიკა დროებით დაიხურება, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექიმებს რეაბილიტაციის პროცესში ხელფასები შეუნარჩუნდებათ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები