მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორც რიგ ქვეყნებს აქვთ ნავთობის საბადოები, ისე გვყავს ჩვენ კრეატიული ადამიანები" – „ლივინგსტონი“

648de4a2e173c
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.23 22:30
1222

ციფრული კრეატიული სააგენტოს კრეატიული დირექტორის ლევან ლეფსვერიძის მოსაზრებით, საქართველოს სარეკლამო კრეატიული ინდუსტრიის ქვეყნის შიგნით განვითარებისა და მის ამ მიმართულებით ექსპორტის შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „ბარში“ კრეატიული ინდუსტრიის პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა.

ის თვლის, რომ თუ ცალკეული ქვეყნებისთვის სიმდიდრე ნავთობის საბადოებია, ასეთი სიმდიდრე საქართველოსთვის კრეატიული ადამიანები არიან, რომლებსაც ამ მიმართულების განვითარება შეუძლიათ. ლევან ლეფსვერიძემ „ლივინგსტონის“ მაგალითზე ისაუბრა და სარეკლამო კრეატიული მიმართულებს გაძლიერების მთავარ გზად გაერთიანება დაასახელა.

„კრეატიული ინდუსტრიაში, სადაც ვმოღვაწეობ,ინდივიდებმა უმაგრეს წარმატებას მივაღწიეთ, ანუ ცალკეულმა კრეატიულმა დირექტორებმა და სააგენტოებმა, მაგალითად როგორიც "ლივინგსტონია" და ასევე სხვებმა, რეგიონში ყველაზე კარგი ჯილდოები მოვიპოვეთ. თუმცა, მთლიანობაში ქართული სარეკლამო კრეატიული ინდუსტრია ჯერ არ შეკრულა, არ გვიზრუნია იმაზე, რომ ქვეყნის გარეთ გავიტანოთ და საქართველო წარმოვაჩინოთ როგორც ქვეყანა, სადაც კრეატივი ყველაზე მაგრად კეთდება.

ეს გააკეთეს მაგალითისთვის, ბრაზილიელებმა 80-იან წლებში. ერთად შეიკრიბნენ, სამთავრობო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კრეატივი ჩვენი თამაშია, ანუ ამაში ვდებთ ინვესტიციას, სკოლებს და უნივერსიტეტებს ვქმნით, ვასაფორთებთ, საგადასახადო შეღავათებია...სულ რამდენიმე წელში ამ მიმართულებით მსოფლიოს სამეულში შევიდნენ და დღემდე კრეატიულ სერვისებში მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

მჯერა, რომ ქართულ ტალანტში უდიდესი პოტენციალია... როგორც რიგ ქვეყნებს აქვთ ნავთობის საბადოები, ასე გვყავს ჩვენ კრეატიული ადამიანები, ახალგაზრდა თაობა - ბავშვები, რომლებიც ბუნებრივად კრეატიულები არიან, მაგრამ ამას ინდივიდუალურად ვიყენებთ. შეიძლება „ლივინგსტონში“ მყავდეს ასეთი ადამიანების გუნდი, მაგრამ რომ გვეთქვა, მოდი მთელი ქვეყანა ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენი თამაში, ჯერ მაქამდე არ მივსულვართ. ძალიან მინდა რომ მივიდეთ“, - განმარტა ლევან ლეფსვერიძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები