მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავის აზოტმა" ამონიუმის გვარჯილას ფასი 250 ლარით შეამცირა - რა ფასად იყიდება ქართული სასუქი?

645121d7e8f42
ვიქტორია მღებრიშვილი
02.05.23 21:15
45901
საქართველოში აზოტოვანი სასუქების უმსხვილესმა მწარმოებელმა „რუსთავის აზოტმა“ მსოფლიოში სასუქების გაიაფების პარალელურად, ადგილობრივი ფერმერებისთვის 1 ტონა ამონიუმის გვარჯილას ღირებულება 250 ლარით, 1 050 ლარამდე შეამცირა.

კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან ბურდილაძე bm.ge-სთან განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი ჭარბი საქონლისა და სხვა თანმდევი ფაქტორების გამო აზოტოვანი სასუქების ღირებულება დაახლოებით 60%-ით შემცირებულია და აქედან გამომდინარე „რუსთავის აზოტი“ ქვეყნის შიგნით საქონლის ფასს ამცირებს.

„მსოფლიოში შეინიშნება აზოტოვანი სასუქების ფასების დრამატული ვარდნა, მიზეზი ბევრია. ერთ-ერთი მიზეზი აზოტოვანი სასუქების წარმოებაში ძირითადი ნედლეულის ბუნებრივი აირის გაიაფებაა; ამასთან რუსეთში აზოტოვანი სასუქების მწარმოებლები საქონელს დემპინგურ ფასებად ყიდიან, რაც მსოფლიო ბაზარზე ფასებს ამცირებს. ისინი ევროკავშირის ბაზარზე სანქციების გამო პროდუქტს ვერ ყიდიან, თუმცა ისეთ უზარმაზარ ბაზრებზე გააქვთ, როგორიცაა ბრაზილია, ინდოეთი, პაკისტანი და ა.შ. ეს კი მსოფლიოს ფასებზე გავლენას ახდენს. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის ბაზარზე ბუნებრივი გაზი გაიაფდა, ამუშავდნენ საწარმოები, რომლებიც აზოტოვან სასუქს აწარმოებენ. შესაბამისად, აზოტოვანი სასუქების წარმოება მიწოდება მოთხოვნას აღემატება, რამაც ფასების შემცირება განაპირობა“, - ამბობს ბურდილაძე.

კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე რუსულ სასუქებთან კონკურენციის გარდა, „რუსთავის აზოტს“ ქვეყნის შიგნითაც უწევს ამ გამოწვევის დაძლევა, თუმცა ადგილობრივი მწარმოებელი ადგილობრივ ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანია.

„თუ პირველ მაისამდე 1 ტონა გვარჯილას ღირებულება 1 300 ლარი იყო, 1 მაისიდან ფასი 250 ლარით შევამცირეთ და 1 050 ლარი გავხადეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული გვარჯილა, რომელიც საქართველოში შემოდის, მასთან კონკურენტუნარიანია. 250 ლარით გაიაფება ვფიქრობთ, ჩვენი ფერმერებისთვის დიდი შეღავათი იქნება“, - აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, წელს, 2022 წელთან შედარებით საქართველოში აზოტოვან სასუქებზე მოთხოვნა განახევრებულია, ამიტომ კომპანია ქვეყნის შიგნით რეალიზების შემცირებას ელის.

„გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა შემცირებულია, სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ვერ ვიტყვი წლიური შედეგი როგორი იქნება, თუმცა გასულ წელთან შედარებით მოთხოვნა განახევრებულია. მიზეზებზე საუბარი რთულია, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით ფქვილი შემოდის და ფერმერებს ხორბლის მოყვანის სურვილი არ აქვთ - ერთ-ერთი ფაქტორი ესაა.

„რუსთავის აზოტი წლიურად 0.5 მლნ ტონაზე მეტ სასუქს აწარმოებს, აქედან 60 000 – 70 000 ტონა საქართველოში იყიდება, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის. მოთხოვნის შემცირების გათვალისწინებით, შესაძლოა წელს 50 000 ტონაც ვერ გავყიდოთ“, - აღნიშნავს ლევან ბურდილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები