მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საექსპორტოდ სატაცურის წარმოებას გავზრდით" - "რკ ოზაანის" გეგმები

6304d0dc92733
მარიამ იზორია
23.08.22 23:10
1087
სატაცურის მწარმოებელი კოოპერატივი „რკ ოზაანი“ გაფართოებას გეგმავს. წარმოება ამ დროისთვის 6 ჰექტარს და 5 ტონა მოსავალს აერთიანებს, უახლოეს პერიოდში კი პლანტაციის 10 ჰექტრამდე გაზრდა განიხილება.

როგორც „რკ ოზაანის“ ხელმძღვანელი ჯაბა გოგოლაშვილი bm.ge-სთან ამბობს, წარმოების გაზრდის შემდგომ უკვე ექსპორტსაც განახორციელებენ.

„რკ ოზაანის“ ხელმძღვანელი მიმდინარე წლის სატაცურის მოსავალსაც აფასებს და როგორც თავად ამბობს, საწვავის, მუშახელის, მცენარის დაცვის საშუალებების გაძვირების მიუხედავად, სატაცურის ფასი შარშანდელის მსგავსი იყო და არ გაზრდილა.

„ახალ სეზონზე გაორმაგებული მოსავალი გვექნება, რადგან ახალგაზრდა პლანტაციაა და ჯერ სრულ მოსავალს არ გვაძლევს. გარდა ამისა, გვინდა ბაღის ფართობი 10 ჰექტრამდე გავზარდოთ, რათა შემდგომ ექსპორტიც განვახორციელოთ. ამ ეტაპზე უცხოეთის ბაზარზე არ ვართ, რადგან მოცულობა ადგილობრივ ბაზართან ერთად საერთაშორისო ბაზრის დაკმაყოფილების საშუალებას არ გვაძლევს. გვინდა global gap-ის სერტიფიკატი ავიღოთ, რაც ევროპაში ექსპორტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს. სერტიფიკატის გარეშე კი ექსპორტს აზერბაიჯანში, უკრაინაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთში განვიხილავთ.

რაც შეეხება სეზონს, იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი გაგვიძვირდა, სატაცურის ფასი იგივე იყო, რაც გასულ წელს. საბითუმო ფასი 10-15 ლარის ფარგლებში მერყეობდა. იმის გათვალისწინებით, რომ საწვავის, და მუშახელის გაძვირებამ ხარჯი გაგვიზარდა, სატაცურის გასაყიდი ფასებით უკმაყოფილოები ვიყავით“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები