მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამართლიანი არჩევნები": ხმების პარალელური დათვლის შედეგები

5f9e95b26b1ae
BM.GE
01.11.20 15:00
1296
„სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნების ხმის დათვლის პროცესის შეფასებას და არჩევნების დღის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს.

როგორც isfed-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს.

ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა. ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარე - საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისბალანსის ტენდენციასთან ერთად, ასევე გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა კომისიის წევრთა მცდელობები არ მიეცათ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის შემაჯამებელი ოქმების სათანადოდ დამოწმებული ასლები, რის მიზეზადაც ძირითადად შესაბამისი ტექნიკის გაუმართაობა ან უქონლობა სახელდებოდა. მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა დამკვირვებლებზე ზეწოლის და ხელშეშლის ფაქტები. ხმის დათვლის და შეჯამების პროცესში, ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს.

ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 94 საჩივარი, საოლქო კომისიებში - 106 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 37 შენიშვნა”, - ნათქვამია განცხადებაში.

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56.7% შეადგინა (+/- 0.6 %-იანი ცდომილების ხარისხით), რაც მსგავსია/ნაკლებია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელთან შედარებით (52.9%).

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 55.4%-ია, რაც გაზრდილია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (49.9%). რეგიონებში (თბილისის გარდა) ამომრჩეველთა აქტივობამ 57.2% შეადგინა, მაშინ როდესაც 2016 წელს ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი რეგიონებში 52.3% იყო.

ხმის დათვლის პროცესში საარჩევნო უბნების 99.8%-ზე არ დაფიქსირებულა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემისგან (99.9%).

საარჩევნო უბნების 4.4%-ზე არცერთი პარტიის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. საარჩევნო უბნების 90.4%-ზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ხოლო საარჩევნო უბნების 87.15%-ზე- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები იყვნენ საარჩევნო უბნების 54.4%-ზე, „ლელოს“ წარმომადგენლები - 62.1%-ზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები - 69.0%-ზე, ხოლო საარჩევნო უბნების 11.6%-ზე იმყოფებოდნენ „ქართული მარშის“ წარმომადგენლები.

საარჩევნო უბნების 42.0%-ზე ერთი ან მეტი საჩივარი დაიწერა.

ხმის დათვლის პროცესში, საარჩევნო უბნების 99.4%-ზე ფუნქციები კომისიის წევრებს შორის წილისყრის პროცედურების წესის დაცვით გადანაწილდა.

საარჩევნო უბნების 99.3%-ზე ბიულეტენების დათვლის და გამოცხადების პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა.
17 საათიდან უბნების დახურვამდე, COVID-19-ის რეგულაციები დაცული იყო საარჩევნო უბნების 98.3%-ზე.

„სამართლიანი არჩევნების“ სრული შეფასება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები