მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამთო კურორტებზე ინფიცირება განსაკუთრებულადაა მომატებული" - შეზღუდვები იქნება?

61dd327d652b8
ინგა მურუსიძე
11.01.22 11:45
3472
"თუკი ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთება, ამის შემდეგ დადგება შეზღუდვების დაწესების საკითხი", - ასე უპასუხა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტის კითხვას, არსებობს თუ არა ინფიცირების კონკრეტული მაჩვენებელი, რის შემდეგაც შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს.

ღიბრაძის თქმით, დამატებითი შეზღუდვები და რეგულაციები ამ მომენტისთვის საბჭოს არ დაუწესებია.

„საბჭო აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს. კონკრეტულ მაჩვენებელზე არ გვისაუბრია, თუმცა როცა შემთხვევათა რაოდენობა ავა იქამდე, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის პირას დადგება და სახელმწიფო ვეღარ შეძლებს ყველა ინფიცირებულის სამედიცინო უზრუნველყოფას, ცხადია, დადგება რეგულაციების საკითხი“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მან სამთო კურორტებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევები განსაკუთრებით არის მომატებული.

გიორგი ღიბრაძე მოქალაქეებს რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირბადის ტარება.

„ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე განსაკუთრებულად არის მომატებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამთო კურორტებზე ჩასულმა ადამიანებმა მაქსიმალურად დაიცვან ის წესები, რაც ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ეპიდვითარებაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც. „ომიკრონის ცირკულაცია მზარდია“, - თქვა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები