მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპარტნიორო ფონდის" რეორგანიზაციაზე მუშაობა დასრულებულია - დავითაშვილი

63072548c5d58
მარიამ ვარადაშვილი
25.08.22 11:42
1194
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის საკითხზე მუშაობა დასრულებულია და ცვლილებების შესახებ საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

“საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციაზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია. შესაბამისად, ცვლილებები "საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში" შევა და უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ”,-აცხადებს დავითაშვილი.

ამჟამად, “საპარტნიორო ფონდი” რეფორმირების პროცესში იმყოფება, მაგრამ რა სახით გაგრძელდება რეფორმირებული სახელმწიფო ორგანიზაციის საქმიანობა უცნობია. უცნობია ფონდის დაფინანსების მექანიზმიც, თუკი წარსულში ეს დაფინანსება იყო ფონდის შვილობილი კომპანიების მიერ გადახდილი დივიდენდი მომავალში ფონდს მსხვილი შვილობილები დატოვებენ და ის მათგან დივიდენდებს ვერ აიღებს.

პარალელურად, IMF-თან გაფორმებული მემორანდუმით, ფონდს ახალი ვალების აღების შესაძლებლობაც არ ექნება. “საპარტნიორო ფონდის” აქტივები მისი უკანასკნელი ანგარიშგების თანახმად, 4.6 მილიარდი ლარი, ვალდებულებები კი 3.17 მილიარდი ლარია. ამჟამად ფონდის საკუთრებაში ორი მსხვილი საწარმოა, ესენია "საქართველოს რკინიგზა" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია". 2020 წელს ფონდის კონსოლიდირებული შემოსავალი 1.49 მილიარდი ლარი, ზარალი კი 196 მილიონი ლარი იყო.

წარსულში ფონდის საკუთრებაში ასევე შედიოდა სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და "თელასის" 25%-იანი წილი. შეგახსენებთ, რომ 2013-2015 წლებში მთავრობა საპარტნიორო ფონდის რებრენდინგს და “საქართველოს განვითარების ბანკის” დაფუძნებას განიხილავდა, მაგრამ ეს ინიციატივა არ განხორციელდა. თავად საპარტნიორო ფონდმა 2015-2020 წლებში 1.34 მილიარდი ლარის ზარალი განიცადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები