მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპარტნიორო ფონდის" საავიაციო ნაწილების ქარხანამ 2019 წელი 26.7 მილიონის ზარალით დაასრულა

5f9953b59a5de
შოთა ტყეშელაშვილი
28.10.20 16:00
1553
საქართველოს მთავრობის კუთვნილი "საპარტნიორო ფონდის" და ებრაული ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის თანადაფინანსებით, $93-მილიონიანი ინვესტიციით 2018 წელს თბილისში საავიაციო ნაწილების საწარმო გაიხსნა. კომპანიამ 2019 წლის დასაწყისში Boeing-ის სერტიფიცირება გაიარა და ნაწილების ლიცენზირებული მიმწოდებლის სტატუსი მიიღო. 

საწარმოს იურიდიული სახელია სს "აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)" და ის ეტაპობრივად საკუთარი წარმოების ზრდას გეგმავს. არსებული გეგმის მიხედვით, კომპანია წლიურად $60 მილიონის გაყიდვებზე უნდა გავიდეს. 

საპარტნიორო ფონდი კომპანიაში 33%-იან წილს ფლობს, შესაბამისად მის შესახებ ინფორმაცია ფონდის 2019 წლის აუდიტირებულ ფინანსური ანგარიშგებაში მოხვდა. 

დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საწარმოს შემოსავალი 12,1764,000 ლარი იყო, ხოლო წმინდა ზარალმა 26,741,000 ლარი შეადგინა. 

2020 წლის დასაწყისში "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ Elbit-ი ფონდის ვალდებულების დაგეგმილზე სწრაფ გამოსყიდვას გეგმავს. 

"მიდის საუბარი, რომ დროზე ადრე თავისი ვალდებულება გამოიყიდოს ისრაელის კომპანია Elbit-მა," - განაცხადა 2020 წლის თებერვალში დავით საგანელიძემ.

თავის მხრივ, საწარმოს მიერ გამოშვებული ძირითადი პროდუქცია სამოქალაქო ავიაციისთვის არის განკუთვნილი. საუბარია კომპოზიტურ (ნახშირბადისა და პოლიმერული მასალების) ნაწილებზე, რომლებიც თვითმფრინავის ფიუზელაჟის ელემენტებს წარმოადგენენ. კომპანია Boeing-ის არაერთი მოდელის თვითმფრინავის ძირითადი ელემენტები ალუმინის ნაცვლად სწორედ კომპოზიტური ნაწილებისგან მზადდება. როგორც ცნობილია, საწყის ეტაპზე საქართველოში არსებული საწარმო სწორედ ამ Boeing-ის თვითმფრინავების კონსტრუქციისთვის უშვებს ნაწილებს.

აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, საწარმოს გრძელვადიანი აქტივების ღირებულება 128,151,000 ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები