მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი" ტექნოლოგიური პროგრესის ავანგარდში

62970c8ceeffd
გიორგი თოლორდავა
01.06.22 11:07
985

წლის მთავარ ტექნოლოგიურ ღონისძიება - Bank of Georgia UPDATE-ზე ცნობილი გახდა "საქართველოს ბანკის“ არაერთი ინოვაციური და ამბიციური სიახლის შესახებ.

სამომავლო გეგმებიდან და განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "საქართველოს ბანკი" უკვე დიდი ხანია გასცდა ტრადიციული ბანკის დეფინიციას და ის, პირველ რიგში, ისე უნდა იქნეს განხილული, როგორც ტექნოლოგიური კომპანია.

„საქართველოს ბანკის“ ტექნოლოგიური პროგრესის ფრონტის წინა ხაზზე ყოფნის შესახებ არაერთი ინდიკატორი მიუთითებს, მაგალითად: მიმდინარეობს მუშაობა ხელოვნური ინტელექტის, კერძოდ, მეტყველების ტექნოლოგიის განვითარებაზე; აქტიური იმპლემენტაციის პროცესშია Cloud ტექნოლოგია და, რაც მთავარია, "საქართველოს ბანკი“ მობილბანკის სუპერ აპად ტრანსფორმაციას გეგმავს - მრავლისმომცველი ტექნოლოგიური პლატფორმა კი მომხმარებელს ჯერ არნახულ შესაძლებლობებს მისცემს.

მობილბანკის სუპერ აპად გარდაქმნის პროცესი, გარკვეულწილად, დაწყებულია და აპლიკაციაში უკვე ხელმისაწვდომია, ბევრი ისეთი სერვისი, რაც ცდება ტრადიციულ ბანკინგს, როგორიცაა: ინვესტიციები, მესამე პირის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა და შეთავაზებები.

სუპერ აპის სამომავლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა ჯერ კიდევ 11 მაისს, „ტექნოლოგიების დღეს“ მიიღო, თუმცა BMG მხოლოდ პრეზენტაციით არ შემოიფარგლა და „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორ ლევან კობახიძეს დამატებითი შეკითხვებით მიმართა:

- სუპერ აპად ტრანსფორმაციის ფარგლებში, რომელი სერვისები დაემატება საქართველოს ბანკის აპლიკაციას და რა ახალი ფუნქციური შესაძლებლობები გახდება მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი?

"საქართველოს ბანკის" მობილბანკი უკვე დაადგა სუპერ აპობის გზას, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მობილბანკში შემოსულ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ყოველდღიური ბანკინგის გარდა, რამდენიმე სხვა საინტერესო სერვისით, როგორიცაა: ამერიკის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება, მესამე პირის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა, ბანკის პარტნიორი ბიზნესების შეთავაზებებით სარგებლობა და სხვა.

სულ მალე კი, მობილ ბანკს ისეთი ფუნქციონალი დაემატება, როგორიცაა სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შეძენა, კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, მობილური კომერცია QR-ის გამოყენებით, ყოველდღიური სიახლეები სთორების სახით, სხვა ბანკის ანგარიშების მართვა ერთი სივრციდან, Marketplace-ი, ავტო და სამოგზაურო დაზღვევა და სხვა.

აღნიშნული სერვისების მიწოდებით, მობილბანკი ერთგვარი მაკავშირებელი პლატფორმა ხდება მომხმარებელს და ბიზნესებს შორის და მონაცემთა ანალიზის, გადახდის ინსტრუმენტების და ავტორიზებული გარემოს გამოყენებით, ორივე მხარეს პროდუქტის ან მომსახურების მიღება/მიწოდების პროცესს უმარტივებს.

- სუპერ აპად გარდაქმნის, დაახლოებით, რა ეტაპზეა ამჟამად მობილბანკი?

სუპერ აპის გარდაქმნა აქტიური პროცესია, რომელზეც სხვადასხვა გუნდი ყოველდღიურად მუშაობს. სუპერ აპის თითოეული სერვისი მოითხოვს: კარგად გაანალიზებას, გადააზრებას და მომხმარებლამდე სწორად მიტანას. ჩვენი ხედვა არის, მობილ ბანკი გარდავქმნათ ფინანსურ აპლიკაციად, რომელიც სრულფასოვნად ფარავს ყოველდღიური საბანკო მომსახურების საჭიროებას და ამავდროულად ეხმარება მომხმარებელს მიიღოს ციფრულად ისეთი სერვისები, რომელიც ყოველდღიურად სჭირდება და დღეს მარტივად ხელმისაწვდომი არ არის.

დამეთანხმებით, დიდი კომფორტია, როდესაც ერთ აპლიკაციაში შეგიძლიათ, ყველა დანარჩენ ბანკებში არსებული ბალანსების ნახვა და მართვა, გლობალურ საფონდო ბირჟაზე ინვესტიციების გაკეთება, სადაზღვევო სერვისების შეძენა, ბანკის პარტნიორი ბიზნესების სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენა (მათ შორის ნაწილ-ნაწილ გადახდის შესაძლებლობით), სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შეძენა და ყოველდღიური სიახლეების გაცნობა. ეს ის მცირე ჩამონათვალია სერვისების, რომლის ნაწილი უკვე ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის, ხოლო ნაწილი ახლო მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.

Bank of Georgia UPDATE-ზე ასევე ცნობილი გახდა „საქართველოს ბანკის“ მორიგი ამბიციური პროექტის - მეტყველების ტექნოლოგიების განვითარებისა და პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის შექმნის შესახებ, რომელმაც, ბუნებრივია, საკითხით ჩვენი დაინტერესება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, შეკითხვებით „საქართველოს ბანკის“ წამყვან მონაცემთა მეცნიერ ნიკოლოზ მამისაშვილს მივმართეთ.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ „საქართველოს ბანკის“ გუნდი მეტყველების ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს, რა არის თქვენი მიზანი, გეგმავთ თუ არა პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტის შექმნას?

"საქართველოს ბანკში" ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ მეტყველების ტექნოლოგიები წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებელს საბანკო სერვისების მიღება, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ქართული ენის ციფრულ ეპოქაში ინტეგრირებას. რაც შეეხება ქართულ ხმოვან ასისტენტს, საბოლოო შედეგი სწორედ მისი შექმნა იქნება, თუმცა ხმოვანი ასისტენტის შექმნის გზაზე ბევრი კომპონენტის შემუშავება ხდება, რომლებიც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ბანკისა და მომხმარებლისთვის.

- რატომ არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მეტყველების ტექნოლოგიების განვითარება, როგორც ქართული ენისთვის, ასევე თავად საქართველოს ბანკისთვის?

ქართული ენისთვის იმ მეტყველების ტექნოლოგიების ხარისხი, რომელიც შემოთავაზებულია ტექნოლოგიური გიგანტების მიერ და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის, არ არის დამაკმაყოფილებელი. ის მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება პოპულარული ენების შესაბამის ტექნოლოგიებს. ამ ტექნოლოგიების გარეშე კი ქართულ ენას ციფრულ სამყაროში არსებობა გაუჭირდება. სწორედ ამიტომ გვაქვს გადაწყვეტილი ქართული ენისთვის შესაბამისი ტექნოლოგიების ჩვენი ძალებით განვითარება და სრულყოფა.

- რა არის საქართველოს ბანკის სამომავლო მიზანი, განიხილება თუ არა მეტყველების ტექნოლოგიის ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე გატანა?

ჩვენი მეტყველების ტექნოლოგიებით გვინდა არა მხოლოდ ჩვენს მომხმარებელს, არამედ ზოგადად, საზოგადოებას მივწვდეთ. ამისათვის კი, საჭიროა ჩვენი ტექნოლოგიების სერვისებად ქცევა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც ჩვენს ერთ-ერთ ამოცანას წარმოდგენს. აღნიშნული სერვისების გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

ზემოხსენებული ამბიციური გეგმებისა და განახლებების მიღმა „საქართველოს ბანკის“ პროფესიონალთა გუნდი დგას, რომელიც ყოველდღიურად მუხლჩაუხრელად მუშაობს მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შესაქმნელად. სწორედ მათ შესახებ სასაუბროდ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, ვაჟა მანტუას დავუკავშირდით.

- გვიამბეთ "საქართველოს ბანკის" ტექნოლოგიური გუნდის შესახებ, რამდენი წევრისგან შედგება და რამდენად პროდუქტიულია ის?

„საქართველოს ბანკის“ ტექნოლოგიური გუნდი 700-ზე მეტი ადამიანისგან შედგება. ზოგიერთი მათგანი Run the Bank-ის, ზოგიერთი კი Change the Bank-ის მიმართულებითაა პასუხისმგებელი, რაც იმას გულისხმობს რომ ჩვენი გუნდის წევრები ზრუნავენ როგორც ბანკის ყოველდღიური პროცესების ეფექტიანად უზრუნველყოფაზე, ასევე სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვაზე.

დეპარტამენტი ეჯაილ მიდგომებით, ძირითადად, Kanban და Scrum მეთოდოლოგიით მუშაობს. მიმართულება Tribe-აბადაა დაყოფილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში კროს-ფუნქციური გუნდებისგან შეგდება და სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს აერთიანებს.

სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო და პროდუქტიულია - ფაქტობრივად ყოველდღე ან ახალი პროდუქტს ან ახალ ფუნქციონალს ვქმნით უამრავ პლატფორმაზე; ვიყენებთ ყველა თანამედროვე framework-ს თუ ტექნოლოგიას და მხარდაჭერას გვიწევენ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ საინტერესო სერვისები და პროდუქტები, რომელსაც იყენებს მთელი საქართველო.

- რა მიზნები აქვს "საქართველოს ბანკს" ტექნოლოგიურ ფრონტზე და რა გამოწვევების წინაშე დგას IT გუნდი?

წლების განმავლობაში ჩვენი გუნდი ქვეყანაში ასოცირდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი, პროფესიონალებით და საერთო ღირებულებებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ქმნის ყველაზე თანამედროვე პროდუქტებს და ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს. მიზანი მარტივია - ჩვენს თანამშრომლებს და მომხმარებელს მივცეთ შესაძლებლობა, ტექნოლოგიების საშუალებით მაქსიმალურად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. შევქმნათ მდგრადი, ხელმისაწვდომი გარემო საინტერესო ტექნოლოგიებით და სერვისებით.

გამოწვევა ბევრია, პირველ რიგში, მხარი უნდა ავუბათ თანამედროვე დროს, როცა ყველაფერი წამებში ხდება, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია არ ჩამორჩე იმ ტემპს რაც 21 საუკუნეშია და რიგ შემთხვევებში გაასწრო კიდეც მას. ამასთან ერთად მომხმარებელს აქვს სურვილი, 24/7 ჰქონდეს წვდომა ყველა სერვისზე, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ფინანსურ სერვისებს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალური მოქნილობით და ეფექტიანობით დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნილებები და უზრუნველვყოთ ისინი თანამედროვე ტექნოლოგიური კომპანიებისთვის შესაბამისი სერვისებითა და პლატფორმებით.

- რა ნაბიჯები იდგმება Cloud ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი?

Cloud ტექნოლოგიების და მიკროსერვისების გამოყენებით, გაცილებით სწრაფადაა შესაძლებელი ახალი სერვისების შექმნა. უკვე გამზადებულ პლატფორმაზე გაცილებით მარტივია ახალი კოდის დაწერა. არქიტექტურა მარტივად მასშტაბირებადია; ფაქტობრივად მყისიერადაა შესაძლებელი რესურსების მართვა, ბევრი საოპერაციო საქმიანობის ავტომატიზაცია, რის შედეგადაც ჩვენს თანამშრომლებს ეძლევათ უფრო მეტი დრო საინტერესო პროდუქტების თუ პლატფორმების განვითარებისათვის. მიკროსერვული არქიტექტურა არის მარტივი და კონკრეტულ ამოცანაზე ორიენტირებული; მისი შექმნა, ტესტირება და დეფლოიმენტი ძალიან ადვილია და შესაძლებელს ხდის ერთი გარემოდან მეორე გარემოზე მარტივ მიგრაციას.

რომ შევაჯამოთ, აღნიშნული არქიტექტურა გვაძლევს უფრო მასშტაბირებად და მდგრად გარემოს. მეორეს მხრივ, გვეხმარება ყველაზე სწრაფად შევქმნათ ახალი პროდუქტები. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოა და ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, ჩვენთვის როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაციისთვის ეს განვითარების უალტერნატივო გზაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები