„ტექნოლოგიების დღის“ ღონისძიებაზე "საქართველოს ბანკმა" შეთავაზებების მართვის ახალი პლატფორმა დააანონსა, რომელიც საბანკო ოპერაციებზე დაყრდნობით მომხმარებელს სთავაზობს მის სურვილებსა და ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებს.
გარდა ამისა, აღნიშნული პლატფორმა ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, შექმნას და მართოს დემოგრაფიულად ტარგეტირებული, ეფექტიანი შეთავაზებები.
BOG-ის მობილბანკის შეთავაზებების მოდულის საშუალებით მომხმარებელს შეეძლება სხვადასხვა ბიზნესის შეთავაზებები ერთ სივრცეში იხილოს.
შეთავაზებების გვერდზე შესულ მომხმარებელს დახვდება მის საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული პერსონალიზებული ოფერები, რომლებიც მის საბანკო ოპერაციებზე დაყრდნობით იქნება შედგენილი.
აღნიშნული ფუნქციით სარგებელს არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ ბიზნესიც მიიღებს, რადგან მერჩანტებს მიეცემათ შესაძლებლობა: გააკეთონ მაქსიმალურად ეფექტური შეთავაზებები, მომხმარებელს გააცნონ ახალი პროდუქტები და განახორციელონ მარკეტინგული პროექტები.
ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გიორგი ვახტანგიშვილის განცხადებით, Ads Manager-ის საშუალებით ბიზნესები მიიღებენ მარკეტინგული კამპანიების მართვის პლატფორმას, რომლის საშუალებით კომპანიები შეძლებენ „საქართველოს ბანკის“ სხვადასხვა არხში სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული ოფერების გაშვებას. თარგეთირება შესაძლებელი იქნება ლოკაციის, ასაკის, სქესის, ინტერესებისა და ქცევის მიხედვით.
Bank of Georgia Ads Manager-ის საშუალებით კომპანიები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არიან მათი მომხმარებლები და სწორედ მათზე მორგებული შეთავაზებების გაკეთების წყალობით ბიზნესები შეძლებენ მომხმარებლების ლოიალურობის და გაყიდვების გაზრდას.
საგულისხმოა, სოციალურ ქსელებსა და ელექტრონული კომერციის პლატფორმებზე თარგეთირების საშუალებების შეზღუდვის ფონზე, BOG-ის Ads Manager სულ უფრო მეტად რელევანტური ხდება.