მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს კუთხეები" - ზვიად ციკოლიამ Ronius Watches-ის ახალი სერია გაყიდვაში ჩაუშვა

646c6592a7c67
ვიქტორია მღებრიშვილი
23.05.23 11:15
3376
სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ Ronius Watches-ის ახალი სერია "საქართველოს კუთხეები" გაყიდვაში ჩაუშვა.

სამრეწველო დიზაინერი ახალი სერიის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე წერს: „სულ მინდოდა ჩვენი ულამაზესი ქვეყნის პოპულარიზაცია. გადავწყვიტე ამისათვის საათი გამომეყენებინა. დავუკავშირდი თეა მიქაიას და ვთხოვე შეექმნა ყველა კუთხის უნიკალური გრაფიკა. ვფიქრობ თეა სიმაღლეზეა!“ - წერს ციკოლია.

BM.GE სამრეწველო დიზაინერს ჰკითხა - რამდენი საათია გამოშვებული ამ სერიის ფარგლებში და რა ეღირება Ronius Watches-ის „საქართველოს კუთხეები“.

ზვიად ციკოლია ამბობს, რომ ახალი სერია ქვეყნის 13 კუთხეს მოიცავს და ის ლიმიტირებულია. მისი გაყიდვა კი დღეიდან Ronius Watches ფეისბუქზე, ვებგვერდებსა და ციკოლიას ბრენდის ბუტიკში იქნება შესაძლებელი.

„სერია ლიმიტირებულია და თითოეულ კუთხეზე 30 საათია წარმოებული, ასე რომ, თუ ვინმეს სურს შეძენა, უნდა იჩქაროს. ეს სერია გვიჩვენებს სამომავლოდ, რომელი ფერები უნდა დავამატოთ, რადგან საათები წარმოებაში საცდელად ჩავუშვით.

ეს საათები ტურისტულ სეგმენტზეც იქნება მიმართული. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ლიმიტირებულია, ამ ეტაპზე ვფიქრობ, უფრო მეტად ქართველები შეიძენენ. ამით უფრო მეტ სიყვარულს გამოვხატავ კუთხეების მიმართ“, - ამბობს ციკოლია და დასძენს რომ დამატებითი ინფორმაციის მიღება ახალი სერიის საათის შეძენის მსურველებს Ronius Watches-ის ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე შეუძლია.

როგორც Ronius Watches-ის ვებგვერდზეა მოცემული, საათების „ქართული ანბანის“ ღირებულება 500-დან 600 ლარამდე მერყეობს. საათი „საქართველოს კუთხეები“ ვებგვერდზე ჯერ არ დევს. როგორც BM.GE-ს Ronius Watches-ის ფეისბუქგვერდიდან აცნობეს, ოქროსფერი საათის ღირებულება 565 ლარია, ვერცხლისფერით კი 515 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები