მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმროს დატვირთულობა ძალიან დაბალია... მხოლოდ ქართველი სტუმრები გვყავს" - „ბორჯომი-ლიკანი"

5f1854c424a8c
ინგა მურუსიძე
22.07.20 22:00
1808
"სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ დატვირთულობა ძალიან დაბალია... ამ ეტაპზე მხოლოდ ქართველი სტუმრები გვყავს" - ამის შესახებ bm.ge-ს სასტუმროს მენეჯერმა კობა აბულაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ქართველი დამსვენებლების რაოდენობა თითქმის იგივეა, რაც გასული წლის ამ პერიოდში იყო, თუმცა გასულ წელს ამ დროს სასტუმროს ძალიან ბევრი უცხოელი დამსვენებელი ჰყავდა.

„ახლა დატვირთულობა არ არის, მით უმეტეს ისეთი, როგორიც გვინდა იყოს, 100%-ით საქართველო მოქალაქეები არიან ჩვენი სტუმრები. დატვირთვა დაბალია შექმნილი ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. პროცენტულად თუ შევადარებთ,  ქართველი რამდენი იყო და წელს რამდენია, მაჩვენებელი იგივეა, თუმცა არ გვყავს უცხოელი სტუმრები, რომლებიც გასულ წელს ბევრი გვყავდა. რაღაც ჯავშნები უკვე არის სექტემბრის პერიოდში, რადგან უცხოელებიც, სავარაუდოდ, ლოდინის რეჟიმში არიან და თუ ავიარეისები დაიწყება, იმედი გვაქვს, აგვისტოს ჯავშნებიც უფრო ინტენსიურად წამოვა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ფასებს, როგორც სასტუმრო მენეჯერი ამბობს, ფასები საკმაოდ დაწეულია და სასტუმრო ქართველ დამსვენებლებს მასშტაბურ აქციებს სთავაზობს.

„20 ივნისს გავიხსენით აქციით და ახლაც ფასდაკლება გვაქვს. განსაკუთრებული სპეცფასები გვაქვს „თიბისი სტატუსის“, „სოლოს“, „არდის“ კლიენტებზე. ზოგადად, ფასები დაბალია გასულ წელთან შედარებით. მთლიანად ორიენტირებული ვართ საქართველოს მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე. ფასები დამოკიდებულია ნომრის კატეგორიაზე და კვებაზე, მაგრამ მაგალითად გეტყვით, რომ მიმდინარე აქციით, უიქენდზე ოჯახის დასვენება საუზმით ღირს 420 ლარი და ეს ფასი გასულ წელს ამ დროს თითქმის სამჯერ მეტი იყო“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება სასტუმროს თანამშრომლებს, „ბორჯომი-ლიკანს“ 200-მდე თანამშრომელი ჰყავს და არც ერთი მათგანი უსამსახუროდ არ დარჩენილა.

„ჩვენი თანაშრომლები პანდემიის დროს სახლში იყვნენ და ხელფასის ოდენობის 50%-იან კომპენსაციას იღებდნენ. ხოლო ივლისიდან სრული დატვირთვით მუშაობენ და ანაზღაურებასაც სრულად იღებენ“, - განმარტავს ის.

როგორც ცნობილია,“ბორჯომი-ლიკანი“ ერთხელ უკვე იყო აუქციონზე გატანილი და კვლავ იგეგმება, თუმცა სასტუმროს მმართველს ამ ეტაპზე ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები