მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმროს დახურვა დღის წესრიგში არ დგას“ - რა გეგმაზე მუშაობს „ბორჯომი-ლიკანი“

5f68c19bee708
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.20 09:45
1065
საპარტნიორო ფონდის მმართველობაში მყოფი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“, რომელსაც შემცირებული გასაყიდი ფასის მიუხედავად ახალი მფლობელი ვერ გამოუჩნდა, მუშაობას დაბალი დატვირთვით განაგრძობს.

როგორც სასტუმროს მენეჯერი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, ზაფხულში სასტუმროს დატვირთულობა უფრო მაღალი იყო, თუმცა სეზონის მილევასთან ერთან დამსვენებლების რაოდენობაც შემცირდა.

„სასტუმრო 20 ივნისიდან ამოქმედდა და თუ პროპორციულად შევადარებთ, ივლისში უკეთესი დატვირთვა გვქონდა ვიდრე ივნისში, აგვისტოშიც კარგი დატვირთვა გვქონდა, ხოლო სექტემბერში მოთხოვნა დაეცა. მიუხედავად ამისა, დღეს სასტუმროს დაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არ გვიდგას და დანარჩენი საერთო ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული. სასტუმრო ამ დროისთვის იმ შემოსავლებით მუშაობს, რაც ზაფხულის განმავლობაში მიიღო და სექტემბერშიც შემოსავლები გვაქვს, თუმცა - მცირე“, - განაცხადა კობა აბულაძემ.

„ბორჯომი-ლიკანის“ მენეჯერი აცხადებს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია მუშაობს გეგმაზე, როგორ მიიზიდოს სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბრის განმავლობაში ადგილობრივი დამსვენებელი.

„თუ ამ გეგმამ გაამართლა, არც კი ვიფიქრებთ სასტუმროს დახურვას, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ სასტუმროს დახურვის საკითხი არ გვიდგას. კონკრეტულად რა გეგმა გვაქვს, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მასზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს, თუმცა ეს იქნება პაკეტები, რომლითაც იმედი გვაქვს, მოვიზიდავთ დამსვენებლებს“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.

კითხვაზე - რა იქნება შემდეგ და როგორ აპირებს სასტუმრო ზამთარში მუშაობის გაგრძელებას, კობა აბულაძე აცხადებს, რომ არა თუ ზამთარი, არამედ ნოემბერიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სანამ კონკრეტულად არ გადაწყდება საერთაშორისო ფრენების აღდგენის საკითხი, მოლოდინებზე  მათი მხრიდან საუბარი ნაადრევია.

„საერთაშორისო ტურისტების მიმართულებით ფიქრზე დროის ხარჯვას, ამ ეტაპზე, აზრი არ აქვს, რადგან მიგვაჩნია, რომ ახლა ამ პირობებში მკითხაობა გამოგვივა, ისევ ადგილობრივ ბაზარზე უნდა გავაკეთოთ გათვლები. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა დაკეტილია, გრძელვადიანი გეგმების დასახვა არ შეგვიძლია, შესაბამისად, აქცენტს ვაკეთებთ სექტემბერ-ნოემბერზე. თუმცა ნოემბერში ქვეყნის შიგნით არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ვიქნებით  დამოკიდებული“, - უთხრა BM.GE-ის „ბორჯომი-ლიკანის“ მენეჯერმა და დასძინა, რომ საერთაშორისო ფრენების აღდგენის შემთხვევაში სასტუმრო ბევრად უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩდნება, რადგან დამსვენებელთა უმრავლესობას უცხოელი ტურისტები შეადგენენ.

„კოვიდ-მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენადაც არ უნდა დავგეგმოთ ზამთარი, რეალური იქნება თუ არა ჩვენი გეგმები ვერ ვიტყვით, ამიტომ დღეს ვმუშაობთ მხოლოდ შემოდგომაზე“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები