მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სავალუტო შოკის შემთხვევაში, სახელმწიფო საწარმოების ზარალმა შესაძლოა 3 მილიარდს გადააჭარბოს"

618e3aea84c98
შოთა ტყეშელაშვილი
12.11.21 19:40
2764
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა წარადგინა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკატერინე ღაზაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ანალიზის მიხედვით, სავალუტო შოკის შემთხვევაში 2022 წელს შესაძლოა მათმა ზარალმა 3 მილიარდ ლარს გადააჭარბოს.

“ფისკალური რისკების ანალიზის განახლებულ დოკუმენტს დაემატა სახელმწიფო საწარმოთა სენსიტიურობის ანალიზის ნაწილი, რომელშიც წარმოდგენილია ექვსი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოს შედეგები და მათზე სხვადასხვა მაკროეკონომიკური შოკების გავლენის ანალიზით. მიღებული შედეგების სიზუსტისა და სექტორიზაციის კომპონენტის გათვალისწინების მიზნით, მიზანშეწონილია ეტაპობრივად გაიზარდოს ამ ანალიზში შესული სახელმწიფო საწარმოების რაოდენობა.

სახელმწიფო საწარმოთა უარყოფითი ფინანსური შედეგების პირობებში, მათი აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ვალდებულებებით ფინანსდება, რაც სახელმწიფოს წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ამას ადასტურებს თავად სენსიტიურობის ანალიზის შედეგები, რომლის მიხედვითაც ვალუტის გაცვლითი კურსის შოკის შემთხვევაში, განხილულ საწარმოთა ჯამურმა ზარალმა შესაძლოა 3 მილიარდ ლარს გადააჭარბოს,”- აღნიშნავს ეკატერინე ღაზაძე.

სახელმწიფო საწარმოების სექტორში სავალალო ფინანსური მდგომარეობაა, რადგანაც აღნიშნული კომპანიები მთლიანობაში მუდმივად ზარალზე არიან.

2020 წელს სახელმწიფო საწარმოების ზარალმა 1 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა. 237 მილიონი ლარი იყო მათი ზარალი 2019 წელს, 2018 წელს 816 მილიონი ლარი; 2017 წელს 732 მილიონი ლარი; 2016 წელს 535 მილიონი ლარი; 2015 წელს კი 786 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები