კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან საწვავის 30-თეთრიანი გაძვირების მიუხედავად, მათ ქსელში მოხმარება არ შემცირებულა. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.
ვასილ ხორავა განმარტავს, რომ მარტში საწვავის მოხმარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან რთული შესადარებელია, რადგან შარშან ქვეყანაში ვირუსის გავრცელება იწყებოდა, რაც მოხმარებაზე გავლენას ახდენდა.
„ჩვენი კომპანიის გადმოსახედიდან მოხმარება შენარჩუნებულია და იმ ნიშნულზეა, რაც გასული წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა; ეს არ იყო პანდემიის თვეები და ჩვენ გვქონდა სრული რეალიზაცია ყველანაირი წინააღმდეგობების გარეშე. მარტი ძნელი შესადარებელია, რადგან გასულ წელს ამ პერიოდში პანდემია იწყებოდა და რეალიზაცია გარკვეულ პერიოდში უკვე მცირდებოდა. საწვავის გაზრდილი ფასისა და გადაადგილების შეზღუდვის მიუხედავად, იანვარ-თებერვალში სტაბილური მოხმარება გვქონდა ანუ საწვავის გაძვირებას მოხმარება არ შეუმცირებია“, - ამბობს ვასილ ხორავა.
„ვისოლის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, მათ ქსელში 1 ლიტრ საწვავზე ფასის ზრდა 60 თეთრი უნდა იყოს, თუმცა კომპანია ფასის შენარჩუნებას ნაშთების საფუძველზე ცდილობს.
„ჩვენ დისტრიბუტორი კომპანია ვართ. რაც უფრო დაბალი ფასი იქნება, მით უფრო მეტი მომხმარებელი გვეყოლება და ეს საინტერესოა ჩვენთვის, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელია და აუცილებელია გათვალისწინება. მარტივი სტატისტიკაა, რომ დღეს არსებული ფასების მიხედვით მოსამატებელი ფასი 60 თეთრია, მაგრამ ნაშთების გათვალისწინებით 30 თეთრით გვაქვს მომატებული. დღეს, წლის დასაწყისში არსებული ტრენდი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ცვლილება მინიმალური იყოს. თუ საერთაშორისო ბაზარზე ტრენდი შენარჩუნდება და არ მოხდება ფასების ზრდა, ვეცდებით ფასების შენარჩუნებას, რათა მომხმარებელზე ეს მტკივნეულად არ აისახოს“, - ამბობს ვასილ ხორავა.

























