„ხელოსანთა სკოლა“, რომელიც 2018 წელს GIZ-ის დახმარებით, კლასტერი წვერი საწარმოებისთვის შესაბამისი კადრების გადამზადების მიზნით შეიქმნა, მოსწავლეების მიღებას ვეღარ ახერხებს, მიზეზი კი სახელმიწფოს მხრიდან დაფინანსების შეწყვეტაა.
როგორც „ხელოსანთა სკოლის“ დამფუძნებელი გოჩა დვალიშვილი bm.ge-სთან აცხადებს, ორშაბათს, 6 ივნისს, ახალი ნაკადის გადამზადება უნდა დაეწყოთ, თუმცა სახელმწიფომ აღმოაჩინა, რომ ბიუჯეტში შესაბამისი სახსრები არ არის. მისივე თქმით, სკოლა იძულებულია პროგრამა ფასიანი გახადოს, რათა სახელმწიფოზე აღარ იყოს დამოკიდებული და მაღალი მოთხოვნის შესაბამისად კადრების უწყვეტი რეჟიმით გადამზადება შეძლოს.
„მოთხოვნა მაღალია, დაარსებიდან დღემდე 250 კადრი გვყავს გადამზადებული, მაგრამ სახელმწიფო პროგრამა ხელს ვერ გვიწყობს. ორშაბათს ახალი ნაკადი უნდა მიგვეღო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტში ფული არ იყო. რეგისტრაცია გავაჩერეთ, სამარცხვინო სიტუაციაში ჩავვარდით, ხალხი ახლაც რეკავს, ელოდებიან როდის განახლდება. პრობლემები, რომლებიც სახელმწიფოსთან კომუნიკაციის დროს იჩენს თავს: ბიუროკრატია, დროში გაწელილი პროცესი, არაკომპეტენტური კადრები და სხვაა. ახლა ერთადერთი გამოსავალი გვრჩება - პროგრამა ფასიანი გავხადოთ, რათა ვინმეზე დამოკიდებულები არ ვიყოთ.
რათქმაუნდა, ფასიანი პროგრამა მოთხოვნას შეამცირებს, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვა, რადგან გამოდის, რომ წელიწადში მხოლოდ ორ ჯგუფს ვამზადებთ, როცა კადრების უწყვეტი რეჟიმით გადამზადება შეგვიძლია“ - ამბობს „ხელოსანთა სკოლის“ დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ „ხელოსანთა სკოლა“ ავჭალაში, ხელოსანთა ქალაქში მდებარეობს. დაახლოებით 3 თვემდე პროგრამა, რომელსაც სკოლა მსურველებს სთავაზობს, ამ დრომდე სახელმწიფო დაფინანსების დახმარებით უფასო იყო. როგორც გოჩა დვალიშვილი განმარტავს, პროგრამის დასრულების შემდეგ გადამზადებულ კადრებს 100%-იანი დასაქმების გარანტია აქვთ.
„კადრებს დასაქმების კუთხით ჩვენვე ვაკვალიანებთ. ვიცით, რომელ კომპანიას რა კადრი სჭირდება. ჩვენ კორპუსული ავეჯის ამწყობის და 3D მოდელირების პროგრამები გვაქვს, რომლებიც ზუსტად მოთხოვნის შესაბამისად შეირჩა. 100%-იანი დასაქმება გვაქვს, ჩვენი ორ ენოვანი სერთიფიკატიც ამის გარანტიაა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ 3 თვეში ადამიანი პროფესიონალად ვერ ჩამოყალიბდება, მან 6-თვიანი პრაქტიკაც უნდა გაიაროს, რათა მუშაობის პროცესში დავაკვირდეთ. ამის შემდეგ კი ის აუცილებლად დასაქმდება - რა თქმა უნდა, ნორმალური ანაზღაურებით“ - განმარტავს გოჩა დვალიშვილი.
განახლება: სიახლის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში bm.ge ფაქტების დასაზუსტებლად "ხელოსანთა სკოლის" დამფუძნებელს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა. გოჩა დვალიშვილმა ამჯერად განაცხადა, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ დაფინანსების თანხა სამინისტროში დროებით არის გაჩერებული, უახლოეს პერიოდში კი ის დასაქმების სააგენტოში გადაირიცხება, რის შემდეგაც "ხელოსანთა სკოლის" პრგრამების დაფინანსებაც განახლდება.
"დღეს გაირკვა, რომ ჯანდაცვაში თანხა დროებით არის გაჩერებული, დასაქმების სააგენტოში უნდა გადმოვიდეს და მაშინვე განახლდება... დღეს დამიკავშირდნენ" - ამბობს ის.
აღსანიშნავია, რომ "ხელოსანთა სკოლა" ჯანდაცვის სამინისტროსგან, კერძოდ, დასაქმების სააგენტოს მიერ ფინანსდებოდა. რაც შეეხება დაფინანსების მოცულობას, სკოლის დამფუძნებელს ზუსტი რიცხვების დაკონკრეტება უჭირს.
"არის პროგრამა, რომელსაც მასალები სჭირდება, ზოგიერთში მხოლოდ პერსონალის ხელფასებია გათვალისწინებული და ა.შ... პროგრამა ავტორიზაციას რომ გადის, იმას თავისი ხარჯთაღრიცხვა აქვს, ჩვენთან, რადგან 70% პრაქტიკული სამუშაოა მასალები გვჭირდება, მასალებს შეძენა უნდა და სწორედ ამის თანხა ირიცხება" - ამბობს ის.

























