მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შევქმენით პლატფორმა, სადაც მოთხოვნა მხოლოდ მაღალ მოდაზეა’’ - თინათინ მაღალაშვილი

63690b0a5f4f2
თინათინ ნატმელაძე
13.11.22 20:20
454
დღეს თბილისში მაღალი მოდის კვირეული დაიწყო, სადაც როგორც ქართველი, ისე აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნების დიზაინერების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. კვირეულის დამფუძნებელმა თინათინ მაღალაშვილმა "საქმიანი დილის’’ ეთერში განაცხადა, რომ ეს იქნება პლატფორმა, სადაც დიზაინერებს, რომლებიც სამოსს ხელით ქმნიან, შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ნამუშევრები წარმოაჩინონ.

მისივე ცნობით, საქართველოში მხოლოდ ორი დიზაინერი აღმოჩნდა მზად აღნიშნულ კვირეულზე წარსადგენად, რადგან კოლექციის ხელით შექმნას დიდი დრო და რესურსი სჭირდება.

"ზოგადად, საქართველოში არის ძალიან დიდი პოტენციალი ადამიანებისა, რომლებიც აქსესუარებს და სამოსს ხელით ქმნიან, ეს ადამიანები კი ინდუსტრიულ წინსვლაში იკარგებიან, დიზაინერები იძულებული ვართ, გამოვიდეთ ისეთ კვირეულებზე, სადაც მიმართულება არის პრეტაპორტე; მაღალი მოდა კი გულისხმობს იმას, რომ 70% ხელით უნდა შეიქმნას. ბევრი დიზაინერი მწერდა, რომ აწარმოებდნენ მსგავს პროდუქციას, თუმცა ვერსად წარადგინეს და იძულებულნი გახდნენ, გადასულიყვნენ პრეტაპორტეზე.

საზღვარგარეთ არის მაღალი მოდის საღამოები და კვირეულები, თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში მსგავსი კვირეულები არ არსებობს; თბილისისთვისაც სიახლეა ეს ყველაფერი. პირველ ეტაპზე, არ ვგეგმავთ მასშტაბურ ღონისძიებას, რადგან ეს არის საცდელი; ჩვენ დავინახავთ ჩვენს შეცდომებს და შემდეგი კვირეულისთვის მის გამოსწორებაზე ვიზრუნებთ.

სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ 2 დიზაინერი აღმოჩნდა მზად ამ კვირეულისთვის, უმეტესობა მეუბნებოდა, რომ წელს კოლექცია მზად არ აქვთ, რადგან სამოსის ხელით შექმნას დიდი დრო და რესურსი სჭრიდება, ჩვენ კი ეს ყველაფერი თვენახევარში დავგეგმეთ", - განაცხადა თინათინ მაღალაშვილმა.

მაღალი მოდის კვირეულის ჩატარება ორი წლის წინაც იგეგმებოდა, თუმცა პანდემიამ მისი გაუქმება აიძულათ. ამ დროს 14 ქვეყანა იყო მზად კვირეულში მონაწილეობის მისაღებად, ამჟამად კი, 6 ქვეყანა მონაწილეობას - მაკედონია, სერბეთი, მოლდოვა, ყაზახეთი, სომხეთი და საქართველო. მომავალი კვირეულისთვის კი, რომელიც გაზაფხულში იგეგმება, მონაწილე ქვეყნების რიცხვის გაფართოებას გეგმავენ.

მოლოდინი მაღალია. სახელიც ასეთი შეურჩიეს, მისი დამფუძნებლის თქმით ამბიციური, თუმცა თვლიან, რომ აქვთ იმის შესაძლებლობა, შექმნან პლატფორმა, საიდანაც დიზაინერები მოდის სფეროში გზას გაიკვლევენ, დიდ ნაბიჯებს გადადგმენ და საკუთარ თავს მსოფლიოს გააცნობენ.

პროექტის ორგანიზებაში, ძირითადად, ახალგაზრდებია არიან ჩართული და თინათინ მაღალაშვილი "საქმიანი დილის’’ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ამ კვირეულს ბევრად უფრო თანამედროვეს და განსხვავებულს ხდის, სწორედ ახალგაზრდების ინიციატივით, ბილეთის შეძენით ღონისძიებაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, ეს კი მოდის კვირეულებისთვის სიახლეა.

ცნობისთვის, მაღალი მოდის კვირეული  სასტურმო"ბილტმორში" ტარდება. დღეს გაიმართა დიზაინერების კოლექციის ჩვენება, ხვალ კი დაჯილდოება ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები