აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დავოსში შუა დერეფნის შესახებ გამართულ პანელში მონაწილეობდა. ილჰამ ალიევის განცხადებით, დღეს შუა დერეფანის დატვირთვა ჩრდილოეთის დერეფნის ჩაკეტვის გამო გაზრდილია, თუმცა იმისთვის, რათა ამ მარშრუტმა მდგრადი კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს, ის საფასო კუთხით კომერციულად მიმზიდველი უნდა იყოს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყნებს შორის სატარიფო თვალსაზრისით მეტი კოორდინაციაა აუცილებელი. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ალიევი საუბრობს, ინფრასტრუქტურაში ახალი ინვესტიციების განხორციელებაა.
“დიდი კაპიტალდაბანდება გვაქვს ინფრასტრუქტურაში გაკეთებული. ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა მზადაა, რათა მეტი ტვირთი მიიღოს, 15 მილიონი ტონა არის შესაძლებლობა ჩვენი პორტების რომ გაატაროს წლიურად. ამას ჩვენ გავაფართოებთ და ბიუჯეტში უკვე გავწერეთ, რომ კიდევ 5 მილიონი ტონა იქნება ჩვენი სამიზნე, რათა კიდევ უფრო მეტი ტვირთი გავატაროთ.
უკვე ვნახეთ, რომ დიდი მოცულობით ტვირთები წამოვიდა ჩვენკენ და ეს მხოლოდ დასაწყისია. ამასთანავე, წელს დავიწყეთ ყაზახური ნავთობის გატარებაც. პოტენციალი ამ დერეფანს აქვს ძალიან დიდი, რათა გაატაროს მინერალური რესურსები.
მიგვაჩნია, რომ უფრო მჭიდრო პარტნიორობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან საბაჟო თვალსაზრისით და გვქონდეს შეჯერებული სატარიფო პოლიტიკა, რადგანაც ეს დერეფანი კომერციულად მიმზიდველი უნდა იყოს,” - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.