სიღარიბე ჯერ კიდევ დასაძლევია, უბრალოდ ჩვენ ვსაუბრობთ გაუმჯობესებაზე და კონკრეტულ სტატისტიკაზე, რომელიც გაუმჯობესებულია, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ცნობისთვის, მინისტრმა აღნიშნულის შესახებ პრემიერის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ისაუბრა.
„როცა ჩვენი, მთავრობის და პრემიერის მხრიდან აქცენტი კეთდება ეკონომიკაზე, ერთადერთი მოტივი და ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ, აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე. თუმცა თუ ჩვენ არ გვექნება კარგი ეკონომიკური შედეგები, ჩვენ ვერ შევძლებთ იმ სოციალური პროექტების განხორციელებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, განათლების პროექტების განხორციელებას, რაც ასე სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ სტაბილურად, წლების განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდა, კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები იმისთვის, რომ ამოცანები, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, და რომელსაც ქართველი ხალხი გვიყენებს თითოეულ ჩვენგანს, რაც არის სიღარიბის დაძლევა, კეთილდღეობა, ამ ყველაფერს მივაღწიოთ და ეს ყველაფერი გავაკეთოთ.
ეს ყველაფერი კარგად გვესმის, ესმის პრემიერ-მინისტრსაც, რომ დღეს შორს ვართ სასურველი რეალობიდან. სიღარიბე ჯერ კიდევ დასაძლევია, უბრალოდ ჩვენ ვსაუბრობთ გაუმჯობესებაზე და კონკრეტულ სტატისტიკაზე, რომელიც გაუმჯობესებულია. განსაკუთრებით აღსანიშნავი და ხაზგასასმელია, რომ ეს ეკონომიკური შედეგები მიღწეულია იმ კონტექსტში, სადაც დღეს ვიმყოფებით, იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსეა გამოწვევებით და საკმაოდ რთული ვითარებაა. გლობალურად, პოსტპანდემიური პერიოდი არ აღმოჩნდა მარტივი ეკონომიკის აღდგენის კუთხით. სწორედ აქ არის განსაკუთრებით ხაზგასასმელი პოზიტიური დინამიკა, რაზეც პრემიერი საუბრობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენისას, სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის და მთავრობის მთავარი გამოწვევაა.
"ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება. მესამე კვარტალი ამ კუთხითაც გამოირჩეოდა. უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - 15,6%-ი შეადგინა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2 წელიწადში - 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. 229 000 ადამიანი დასაქმდა აი ამ ბოლო 2 წელიწადში. აქედან არასახელმწიფო სექტორში 209 ათასი ადამიანია დასაქმებული. ასევე, მოგეხსენაბათ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმებული არის ბოლო 6-7 თვეში. რესურსი არის ძალიან დიდი. მოგეხსენებათ, რომ 200 000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი და ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველა ეს ადამიანები დავასაქმოთ როგორც კერძო სექტორში, ასევე, საჯარო სექტორში", - განაცხადა პრემიერმა.




























