მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქნეტი" და "მაგთი" 5G აუქციონის პირობებს აკრიტიკებენ

64a6e4e36cf04
შოთა ტყეშელაშვილი
07.07.23 10:15
6695
კომუნიკაციების კომისიამ ქვეყანაში 5G სიხშირის მობილური ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით აუქციონები გამოაცხადა. კომკომის სხდომაზე ამ აუქციონების პირობები გააკრიტიკა “სილქნეტის” დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა. საქმე იმაშია, რომ გამოცხადებული 4 აუქციონიდან 3-ის პირობების მიხედვით, მისმა შემძენმა 5G ქსელის დანერგვასთან ერთად ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებაც უნდა უზრუნველყოს.

გიორგი რამიშვილის განმარტებით, ამ სახით დაყენებული პირობით, კომუნიკაციების კომისია არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს.

“ჩვენ გვსურდა, რომ ყოფილიყო არჩევანის საშუალება. ერთი მხრივ, ვისაც უნდა დისკაუნტით აიღოს ეს ვალდებულება და ვისაც არა, გააკეთოს ჩვეულებრივი კლასიკური ლიცენზიის შესყიდვით. ამ შემთხვევაში ყველას ინტერესები იქნებოდა დაცული.

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია 5G-ს გაშვებაზე. ბიზნესქეისი რთულია რომ გააკეთოთ. ოპერატორები ვართ და გვინდა გავაკეთოთ 5G დატვირთვების გარეშე.

მაგალითად, გაეშვა უკვე MVNO ქსელი და უკვე 15 ათასი აბონენტი ჰყავს და საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს თავის გეგმას. შესაბამისად, პრეცედენტი უკვე არის და ეს არის ნორმალური და სწორი გზა. თუ ამას გადახედავთ და მოგვცემთ არჩევანის საშუალებას, ეს ინდუსტრიას წაადგებოდა. თუკი გამოიტანდით არჩევანის საშუალებით ამ აუქციონზე, მაშინ თქვენ გექნებოდათ სამი ქსელის შექმნის ძალიან კარგი საშუალება. ჩვენ არ ვართ მტრები და მემგონი ყველას ინტერესშია გაკეთდეს 3 5G ქსელი და ასეთი გზით მოხდეს ამ ლიცენზიის რეალიზაცია. გადაწყვეტილება თქვენია და თქვენ წყვეტთ. ჩვენ ამაში არ შემოვალთ, რადგან ერთი ლიცენზია ისედაც არ მიგვაჩნია ეთიკურად, რომ რაღაცნაირად დაგვაპირისპიროთ. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ კონკურენეტები ვართ, ჩვენ ურთიერთპატივისცემა გვაქვს და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში გვაქვს კონკურენცია. მე ვისურვებდი ჩემი მარეგულირებლისგან, რომ უფრო ჯანსაღი გადაწყვეტილებები მიგვეღო. კი არ უნდა დაგვაპირისპიროთ ოპერატორები, არამედ ვეცადოთ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ,”- განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

სხდომაზე “მაგთის" იურისტმა ლევან გიორგაძემ განაცხადა, რომ არსებული პირობებით კომპანია აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებს.

“დღევანდელი შეხვედრის შედეგი უნდა ყოფილიყო ჩვენი აუქციონში მონაწილეობა. თუმცა, ისე ვამთავრებთ შეხვედრას, რომ გეტყვით რომ ამ აუქციონში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ძალიან ცუდია, რომ ამ შედეგამდე მივედით, თუმცა თავს ზემოთ ძალა არ არის,”- განაცხადა ლევან გიორგაძემ.

აუქციონის პირობები - კომუნიკაციების კომისიის განცხადების თანახმად:

5G ქსელების აგებისას, ოპერატორებმა უნდა იხელმძღვანელონ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას. ქსელის განვითარებასთან ერთად, კომპანიები, რომლებიც მე-5 თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი - MVNO საკუთარ ქსელზე დაუშვან. კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ ოპერატორთან, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით. ამასთან არჩევანის უზრუნველყოფისა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშეც გამოაცხადოს.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადდა ოთხი აუქციონი ოთხ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებით და ფასით განსხვავდებიან. ოთხივე კომბინირებული აბსტრაქტული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის სხვადასხვა ვალდებულებას ითვალისწინებს, ამასთან ამ ოთხიდან ერთი ლოტი მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულების გარეშე იქნება აუქციონზე გამოტანილი, რაც შესაბამისად განაპირობებს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის განსხვავებულ საწყის საფასურს. პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური 6 230 000 ლარი იქნება, მე-2 კომბინირებული ლოტის - 2 530 900 ლარი, მე-3 კომბინირებული ლოტის - 2 593 800 ლარი, მე-4 კომბინირებული ლოტის კი - 2 656 700 ლარი.

სრულად აუქციონის პირობები იხილეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები