კომპანია "სილქნეტის" გენერალური დირექტორის დავით მამულაიშვილის შეფასებით, 2020 წელი ძალიან მძიმე იყო. ამის შესახებ მან გადაცემა „Forbes კვირაში“ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა. წლის შეფასებისას "სილქნეტის" გენდირექტორმა ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც კომპანია სრული „ლოქდაუნის“ გამო აღმოჩნდა.
„ზოგადად, 2020 წელი ძალიან მძიმე იყო. ტურიზმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ლოკომოტივია, პრაქტიკულად, გაჩერდა. ტურიზმის გაჩერებამ კი, გამოიწვია პატარა სასტუმროების, რესტორნების, პრაქტიკულად „სიკვდილი“, ანალოგიურად გაჩერდნენ დიდი სასტუმროებიც, რამაც გამოიწვია ზოგადად ინტერნეტის, მობილური მომსახურების შემცირება ძალიან დიდი მასშტაბით, თითქმის ისე, რაც ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო - ეს არის ერთი მხარე.
მეორე მხრივ, სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებამ, როცა მოწოდება იყო - #დარჩისახლში და ეს ეხებოდა სახელმწიფო სტრუქტურებს, ბიზნეს სექტორს, მოსახლეობას, ამ ყველაფერმა გამოიწვია სატელეკომუნიკაციო დარგზე, ჩვენს ქსელზე დატვირთვის 200%-250%-ით გაზრდა. ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ნერვიულობის ერთ-ერთი მთავარი თემა, როცა ვხედავდით როგორი ტემპით იზრდებოდა ქსლზე დატვირთვა და მუდმივად ვნერვიულობდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი ხარისხის ქსელი გვაქვს, მაგრამ ნერვიულობის საბაბი, როგორც ყველა დარგში, ჩვენთანაც არსებობდა. საბედნიეროდ გავუძელით და ალბათ ყველა დამეთანხმება იმაში, რომ შევძელით ხარისხიანი მომსახურების შენარჩუნება და, პრაქტიკულად, საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს მომხმარებლებს პრობლემები არ შექმნია“, - განაცხადა დავით მამულაიშვილმა.




























