მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სითი ლოფტმა“ 1 ლარად მიღებული ქონების 20 მლნ-იანი ვალდებულება 2 წელში უნდა დაფაროს

60dc57d8278a7
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.21 16:04
3494
"აჭარა ჯგუფში" შემავალმა კომპანია „სითი ლოფტმა“, რომელსაც 2020 წელს ოქროს უბანში სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად - 1 ლარად 20 მლნ ლარიანი ვალდებულებით გადაეცა; არსებული ვალდებულება 2 წელიწადში უნდა შეასრულოს, ხოლო ნინოშვილის ქუჩაზე აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე უნდა მოეწყოს.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ეს ქონება 12-13 წლის წინ იყიდა „ცენტრ პოინტმა“, რომელმაც ეს ქონება მუნიციპალიტეტს გადმოსცა, რათა მისი განკარგვა "ცენტრ-პოინტის" დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით მომხდარიყო. შესაბამისად, პრივატიზაცია იმ პირობით მოვახდინეთ, რომ მუნიციპალიტეტის მითითებით, 20 მლნ ლარი დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების მიზნით სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის სასარგებლოდ გადაირიცხება. ეს „აჭარა ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელმაც 20 მლნ-იანი ვალდებულება აიღო.

კომპანიამ მომდევნო 2 წლის განმავლობაში თანხა რამდენიმე ტრანშად უნდა გადმორიცხოს. თანხის გადარიცხვა მუნიციპალიტეტის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს. თუ კომპანია არ გადმორიცხავს, უძრავ ქონებას ვალდებულება ადევს და ამ ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნება მოხდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კონსტიტუციის ქუჩებს შორის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი არ მოხდება და იქ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

"იქ არის შენობები, რომლის დანგრევა და ახლის აშენება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. იქ საცხოვრებელი კორპუსების განთავსებაც არაა მიზანშეწონილი. აქედან გამომდინარე, არანაირი პირობა ინვესტიციაზე ან რაიმე ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, იქ გაწერილი არ არის. ამ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი ადევს, რომლის შესაბამისად, მფლობელს ამ ზონის განვითარება შეუძლია“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები