მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სოცდაუცველების ამუშავების" პროგრამა დაიწყო - "მოძიებულია 14 382 ვაკანსია"

621e3237eba8b
თათია ჩაფიჩაძე
02.03.22 09:00
1422
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ბოლოს დაანონსა და რომლისთვისაც ბიუჯეტიდან წლიურად 150 მლნ ლარის დახარჯვაა გაცხადებული, ამოქმედდა. პროექტი სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში, ამ ეტაპზე 14 382 ვაკანსიაა და ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

„საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.

ამ ეტაპზე გამოცხადებულ ვაკანსიებს შორისაა, ბეჭდური გამოცემების გამავრცელებელი, მებაღე, ავტობუსის გაჩერებების და პლატფორმების მომწესრიგებელი, მზარეულის დამხმარე, დარაჯი, მეეზოვე და ა.შ“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებმა უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრებს, ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ კი, მათ ვაკანსიების შეთავაზება გაუკეთდებათ.

„პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და არაუმეტეს 300 ლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება.

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვის ნაცვლად, ბენეფიციარს, დასაქმება შრომის ბაზარზე არსებულ სხვა ვაკანსიებზეც შეუძლია.

სოციალურად დაუცველი პირი, დასაქმების პროგრამაში იმ შემთხვევაშიც ჩაერთვება, თუ არაფორმალურადაა დასაქმებული. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში, სოციალური შემწეობის მიმღები პირის სტატუსი არ გადამოწმდება.

თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება, თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.

პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის, სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05 დაკავშირება შეუძლიათ", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: პირველ ეტაპზე მათი დასაქმების ადგილი მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სამინისტროებიები იქნებიან, რომელმაც ჯამში 50 ათასამდე სამუშაო ადგილი უნდა შექმნან. ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ წლის ბოლომდე შესაძლოა, ეს რაოდენობა 100 ათასადეც კი გაიზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები