ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც AS Georgia – „დირსის" წინაშე მდგარ სამართლებრივ პრობლემას შეეხება და თბილისის მთავრობას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სასამართლოს, ბიზნესის მხარდაჭერისკენ, სწრაფი გადაწყვეტილებებისა და ქმედითი ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ იკვლევს ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურების შორის დავების შემთხვევებს.
„იმ რეალობის გათვალისწინებით, თუ რამდენად გაჭიანურებულია ბიზნესთან დაკავშირებული დავების განხილვა და ფაქტობრივად, შეფერხებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულება, AS Georgia – „დირსის" შემთხვევა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს“, - განმარტავს კაიკაციშვილი.
ის ასევე ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კიდევ ცალკე მსჯელობის საგანია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების სხვადასხვა საინვესტიციო ვალდებულებებით გადაცემის ფაქტები და კომპანიასთან ერთად, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული ვალდებულებების შესრულების საკითხი.
„AS Georgia – „დირსის" შემთხვევაში სახეზეა მრავალმილიონიანი პროექტი თბილისში, რომლის განხორციელებასაც აფერხებს თბილისის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდგომი რეალობის დადგომა: გადაცემულ მიწის ნაკვეთზე უკანონო მფლობელების არსებობა, მათ შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შეუძლებლობა. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უმოქმედობა კომპანიის საზიანო ინტერესების შესამცირებლად და დაინტერესებულ პირებთან ალტერნატიული შეთავაზებების გზით, დიალოგის არარსებობა. ამასთან, განსაკუთრებით საგულისხმოა, ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში არსებულ საქმეზე მიმდინარე და მრავალწლიანი, დაუსრულებელი, გაჭიანურებელი პროცესი“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, თბილისის მთავრობა ინვესტორთან შეთანხმებას არღვევს, მრავალმილიონიანი პროექტი კი უსაფუძვლო დავებს ეწირება, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ 2012 წლის 26 სექტემბერს თბილისის მთავრობასა და კომპანია AS Georgia – „დირსის" შორის გაფორმდა ხელშეკრულება თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ.
„AS Georgia – „დირსმა“ აიღო ვალდებულება საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განეხორციელებია პროექტი 15 ჰა საერთო ფართობის მიწის ნაკვეთზე, ქ. თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის არსებულ ფართობზე, საზოგადოებისთვის ღია ლანდშაფტური დასვენების პარკის მოწყობის მიზნით. ინვესტიციის საერთო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 3 000 000 მილიონ აშშ დოლარს.
ამ ხელშეკრულების თანახმად, „გამყიდველი“ - თბილისის მთავრობა წარმოადგენს ხელშეკრულების საგნის ერთადერთ და კანონიერ მესაკუთრეს. ხელშეკრულების თანახმად, პრივატიზების ობიექტი იყო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. ხელშეკრულების საგანი არ წარმოადგენდა ჩუქებისა და ნასყიდობის, ასევე გაცვლის ხელშეკრულების საგანს მესამე პირთათვის. ასევე, არ იყო ექსპროპრირებული და ნაციონალიზებული საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. ხელშეკრულების საგანი არ წარმოადგენდა იპოთეკის, გირავნობის ან სხვა უზრუნველყოფის საშუალების საგანს ნებისმიერი პირთათვის. ასევე, სხვა პირს არ გააჩნდა ხელშეკრულების საგნის უპირატესი შესყიდვის უფლება. არ არსებობდა ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო დავები, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა საკუთრების უფლებასა და საგნის სარგებლობისთვის. ხელშეკრულების საგანზე, არ მიმდინარეობდა ისეთი პროცესი, რაც გამყიდველის საკუთრების უფლების გადახედვას გამოიწვევდა და არანაირი მესამე პირი ეჭვის ქვეშ არ აყენებდა მესაკუთრის საკუთრების უფლებას ნასყიდობის საგანზე.
შევნიშნავთ, რომ 2018 წლის 4 ივნისს, მართალია, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილებები და დამატებები, თუმცა არსებითი პირობები არ შეცვლილა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროექტის შესაბამისობა მოხდებოდა განაშენიანების რეგულირების გეგმასთან მიმართებით და პარკის მშენებლობა დასრულდებოდა 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით“, - აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატებში“.
მათი განმარტებით, შესწავლის შედეგები აჩვენებს, რომ ინვესტორთან მიმართებით, ქ. თბილისის მთავრობას შესაბამისი წინდახედულება არ გამოუჩენია, ვინაიდან კომპანიისთვის გადაცემული უძრავი ქონება არამართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა ლია გ.-ს, კოტე კ.-ს, კოტე ა.-ს, ამირან ა.-ს, ზაურ ს.-ს, გიორგი კ.-ს და ვლადიმერ გ-ს მიმართ.
ამასთან, მოქალაქეების მტკიცებით, მათ ფართები დაკავებული ჰქონდათ 1990-იანი წლებიდან და ქონების გასხვისების მომენტისთვის, არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობილი იყო, როგორც ინვესტორისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის.
„დგინდება, რომ კომპანიის არაერთი წერილი პრობლემის მოგვარების თხოვნით, თბილისის მთავრობის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.
2019 წლის ივლისში, AS Georgia – „დირსმა“ სარჩელი აღძრა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარებაში გადმოცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი
სრულად დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებს სადავო უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის საფუძველზე არ მოუპოვებიათ. შესაბამისად, ისინი ვერ მიიჩნეოდნენ სადავო მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელებად.
აღსანიშნავია, რომ დავაში მოპასუხის მხარეზე მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მონაწილეობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტო, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა. ამჟამად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო წესით, თუმცა საქმე უძრავად დევს“, - ნათქვამია ორაგნიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, AS Georgia – „დირსი“ ბოლო ხუთი წელია ვერ ახდენს სამშენებლო საქმიანობის დაწყებას და საინვესტიციო პირობების შესრულებას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომელსაც კიდევ ერთი უკანონო მფლობელი ჰყავს. სახელმწიფო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, ამ დრომდე უმოქმედოა აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებაც და ბიზნეს-კომპანიას საშუალება მისცეს მშენებლობის წარმოებისთვის.
„კერძოდ, საუბარია 2013 წლის 6 მარტს აუქციონის გზით შეძენილ ფართზე, მდებარე ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის (ნაკვეთი: 07/056, დაზუსტებული ფართობი: 43 413 კვ.მ)
კომპანიამ სამშენებლო საქმიანობის დაწყების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე განათავსა ბანერი, მოახდინა ტერიტორიის დაკვალვა და შემოღობვა, თუმცა სამშენებლო ტერიტორიაზე მოქალაქე ავთანდილ ყ.-ს გაშენებული აქვს ბაღები და აგრძელებს სხვისი ტერიტორიით უკანონო სარგებლობას.
კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით, AS Georgia – „დირსის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა დასახელებული ფართი. 2019 წლის 3 დეკემბერს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გაიცა სააღსრულებლო ფურცელი, თუმცა ამ დრომდე, შედეგი უცვლელია. მეტიც, მოქალაქემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვს 2013 წლის 6 მარტის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას. საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება.
ამასთან, იგივე მდგომარეობაა კომპანიის მიერ 2012 წლის 2 ნოემბერს აუქციონის გზით შეძენილ მიწის ნაკვეთზე: ქ. თბილისი, დირსიჭალა, ნაკვეთი: 04/005, დაზუსტებული ფართობი: 65000 კვ.მ. დასახელებული ტერიტორიის უკანონო ფლობას და სამშენებლო საქმიანობის ხელშეშლას ახორციელებენ რუსუდან ბ, დარეჯან ყ, ვალერი ფ, მერი ბ, ტარიელ შ და მურთაზ კ.
სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ დასახელებული პირები დასახელებული ფართის არამართლზომიერი მფლობელები არიან და ახორციელებენ უკანონო ხელშეშლას. სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად, ერთ-ერთ მოქალაქეს ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებული აქვს 2012 წლის 2 ნოემბერის აუქციონის შედეგები, რომელიც არ დაკმაყოფილდა სასამართლოს სამი ინსტანციის არც ერთი გადაწყვეტილებით. შედეგები აქაც უცვლელია - სახელმწიფო - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახით, არ ახდენს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულებას, ქ. თბილისის მთავრობის მხრიდან არ ხდება უკანონო მფლობელებთან რაიმე სახის დიალოგი თუნდაც ალტერნატიული ფართის შეთავაზების გზით და ბიზნესს-კომპანიის ინტერესები კვლავ უსაშველოდ ზიანდება“, - ამბობენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სასამართლო სისტემას, ერთობლივი ძალისხმევით, მათი კომპეტენციის ფარგლებში, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები AS Georgia – „დირსის" წინაშე მდგარი იურიდიული ხასიათის საკითხების გადაწყვეტისა და მხარდაჭერისთვის.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2012 წლის 26 სექტემბერს ქ. თბილისის მთავრობასა და კომპანია AS Georgia – „დირსის" შორის გაფორმებული ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, რომლის წინაპირობებიც სახეზეა, რადგანაც კომპანია ქ. თბილისის მთავრობის მხრიდან, ფაქტობრივად, მოტყუებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და პარკის ასაშენებელ ტერიტორიაზე სამუშაოების განხორციელების ნაცვლად, აღმოჩნდა უკანონო მფლობელებთან სამართლებრივ დავაში.
იგივე შეიძლება ითქვას 2012 წლის 2 ნოემბრისა და 2013 წლის 6 მარტის აუქციონის შედეგებით, კომპანიის მიმართ გადაცემულ სამშენებლო ფართებზეც.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ AS Georgia – „დირსის" შემთხვევა აჩვენებს, რომ საჭიროა, სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვისთვის, რათა აღნიშნული მაგალითი გახდეს სხვა ინვესტორებისთვის საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ კუთხით, ორგანიზაცია მონიტორინგს გააგრძელებს, - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
(NS)