"ტენდერების ბაზარზე, ნამდვილად არ არის სახარბიელო მდგომარეობა. ბოლო წლებში შევნიშნეთ ტენდენცია, რომ რუსულმა, ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიის ფილიალებმა, ჩაანაცვლა მცირე და საშუალო მასშტაბის კომპანიები”, – ამის შესახებ, “საქმიანი დილის” ეთერში “შეაჩერე კორუფციას” დამფუძნებელმა ქეთი ენუქიძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, ჩინურ კომპანიების მხრივ ჯერჯერობით ეს ტენდენცია არ შეინიშნება.
“კარგი იქნება თუ კონკრეტულად გავამახვილებთ ყურადღებას რა უნდა შეიცვალოს, რაზე უნდა იყოს გაკეთებული აქცენტი და კანონმდებლობის დონეზე უნდა ხდებოდეს მუშაობა, იმიტომ რომ ხვრელები სწორედ კანონმდებლობაშია. არაერთხელ მაქვს აღნიშნული, რაკი არ არსებობს საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა და ამაზე მუდმივად საუბრობენ კომპანიის წარმომადგენლები, პირველ რიგში ეს არის გადასახედი, იმიტომ რომ არის შემთხვევები, კომპანია მოიგებს ტენდერს, ადგილზე მივა და აბსოლუტურად განსხვავებული სურათი ხვდება. მუნიციპალური ფონდის პროექტებს თუ ჩახედავთ იქ ძალიან ბევრი პროექტი არის დაუსრულებელი და ერთ-ერთი მიზეზი, როდესაც ჩვენ შევეცადეთ გამოგვეძიებინა რა იყო ამის მიზეზი, იყოს სწორედ ეს, რომ არ იყო ადეკვატური პროექტი და პროექტის ცვლილების მოთხოვნა იყო დროში გაწელილი, რაც ხშირ შემთხვევაში კომპანიების დაჯარიმებას იწვევს", – აღნიშნა ქეთი ენუქიძემ.


























