მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თურქმა ინვესტორებმა ექსპორტი შემომთავაზეს" - ჯემების მწარმოებელი სტარტაპი "ქეთო" ფართოვდება

63907f03b038a
BM.GE
11.12.22 16:15
1138
ჯემების მწარმოებელი სტარტაპი "ქეთო", რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, ფართოვდება და ექსპორტისთვის ემზადება, - ამის შესახებ მისმა დამფუძნებელმა ქეთი მელაძემ BM.GE-სთან განაცხადა და აღნიშნა, რომ თურქი ინვესტორები მისი პროდუქციით დაინტერესდნენ, თუმცა ექსპორტისთვის ჯერ საწარმოს ამოქმედებაა საჭირო, რათა საჭირო რაოდენობის პროდუქცია აწარმოოს.

მისივე ცნობით, საწარმოს ასამოქმედებლად 150 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია სჭირდება, რომლის მოზიდვასაც "აწარმოე საქართველოს" დახმარებით გეგმავს.

"დუშეთში საწარმოს ასამოქმედებლად "აწარმოე საქართველოს" დაწყებას ველოდები, მიწა უკვე შევიძინე, ახლა კი დაახლოებით 150 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია მჭირდება, ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი პროდუქციის რაოდენობის გაზრდაა, რადგან ჩვენი წარმოებით დაინტერესება თანდათან უფრო იზრდება, თურქი ინვესტორები დამიკავშირდნენ და ჯემების თურქეთში ექსპორტზე გატანა შემომთავაზეს, თუმცა, ამ ეტაპზე ამას ვერ ვახერხებ, რადგან საკმარის რაოდენობას სახლის პირობებში ვერ ვაწარმოებ, ახლა 3 დამხმარე მყავს, ხოლო საწარმოს ამოქმედების შემდეგ 10 ადამიანის დასაქმებას ვგეგმავ", - აცხადებს ქეთი მელაძე.

ამასთან, როგორც "ეთოს’’ დამფუძნებელი BM.GE-სთან აღნიშნავს, ორი წლის წინ მხოლოდ 200 ლარის პირველადი ინვესტიციით, სახლის პირობებში, მცირე წარმოება დაიწყო, შემდეგ ეტაპობრივი ინვესტირებით, წარმოების გაზრდა მოახერხა. შედეგად, გასულ წელს თუ წლიურად 5 000 ქილა ჯემს ამზადებდა, წელს რაოდენობა 30%-ით გაიზარდა და 10 000 ქილა მხოლოდ წიწაკის ჯემი დაამზადა. ქეთი მელაძე გამოწვევების შესახებაც გვესაუბრა და თქვა, რომ მთავარი სირთულე კადრების ნაკლებობა და ქვეყანაში პროდუქტის საფასურის ზრდაა, რამაც ჯემების 40%-ით გაძვირება აიძულა.

"კონსულტანტს ვეძებ და ვერ ვიპოვნე, ყველაზე დიდი სირთულე კადრების ნაკლებობაა, ამას პროდუქტზე ფასის ზრდაც ემატება, ამის გამო ჯემები საკმაოდ გავაძვირე, დაახლოებით 40%-ით და ახლა მისი საფასური 10-25 ლარს შორის მერყეობს", - განმარტავს ქეთი მელაძე.

შეგახსენებთ, "ქეთოს’’ წარმოება ამჟამად თბილისში, სახლის პირობებში მიმდინარეობს და 25 სახეობის ჯემს ამზადებს, საწარმოს ამოქმედების შემდეგ კი ის დუშეთში გადაინაცვლებს. რაც შეეხება ჯემების რეალიზების არეალს, მელაძის ინფორმაციით, "ქეთოს’’ ამჟამად "ბაზარი ორბელიანსა’’ და "ჰოუმ მარტში’’ სტენდი და შოურუმი აქვს, ასევე მისი პროდუქცია "მწვანე ბაზარში’’, "შატო მუხრანში’’, "წერტიში’’, "ფერმასა’’ და "მეიდან ბაზარშია’’ წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები