"ტყუპების საღვინე სახლის" დამფუძნებლები ქვევრის ღვინის წარმოებაზე საფრანგეთში სალექციო კურსს ჩაატარებენ.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ "ტყუპების საღვინე სახლის" დამფუძნებლებს, გელა და გია გამტკიცულაშვილებს კვალიფიციური კადრების ნაკლებობამ, აკადემიურმა გამოცდილებამ და მარნის ტერიტორიაზე არსებულმა მატერიალურმა ბაზამ საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა გადააწყვეტინა. ერთ წლიანი მუშაობის შემდეგ კი განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის საბჭომ ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიის სწავლების უფლება მიანიჭა.
ტყუპმა ძმებმა გადაცემა "Forbes კვირა’’-ს ეთერში განაცხადეს, რომ სალექციო კურსს ძირითადად თავად წარმართავენ, თუმცა პროცესში ბიოლოგები და მოწვეული სტუმრებიც ჩაერთვებიან.
"ეს არის 6-კვირიანი სალექციო და პრაქტიკული კურსი, რომლის გავლის შემდეგაც გადამზადებული კადრები ქვევრის ღვინის დამზადების ტექნიკას, ქვევრის მოვლას, ქვევრიდან ღვინის ფრაქციებად ამოღებასა და რაც ყველაზე მთავარია, ქვევრის ღვინის შეფასებას ისწავლიან. ცხადია, ეს კურსი პროფესიონალ მეღვინეებად ვერ ჩამოაყალიბებთ, თუმცა, მისცემთ შესაძლებლობას, რომ უნარები განავითარონ. ამ ეტაპზე დაინტერესება საკმაოდ მაღალია და ვეცდებით, მათ ჩვენი ცოდნა მაქსიმალურად გადავცეთ, ’’ - განაცხადა გია გამტკიცულაშვილმა.
რაც შეეხება საგანმანათლებლო ცენტრის სამომავლო გეგმებს, მისივე თქმით თებერვალში ქვევრის ღვინის დამზადების ტექნიკაზე კურსს საფრანგეთში ჩაატარებენ, ხოლო ამის შემდეგ უცხოელი მეღვინეების ნაფარეულში, თავიანთ სასწავლო ცენტრში ჩამოყვანას გეგმავენ, რომ გამოცდილება მათაც გაუზიარონ.
"ჩვენს საგანმანათლებლო ცენტრს სამ წლიანი ლიცენზია აქვს, ამას აუცილებლად გავაღრმავებთ და გავაფართოებთ. ამჟამად გვყავს ფრანგი პარტნიორი, რომელიც ჩვენგან ღვინოს ყიდულობს, ეს ადამიანი ღვინის მაგისტრია, თუმცა, მისთვის ქვევრში ღვინის დაყენება პრობლემა გახდა, რადგან ამ პროცესს სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, სწორედ ამიტომ თებერვალში საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში გამოფენაზე მიგვიწვიეს, სადაც პატარა სალექციო კურსს ჩავატარებთ. ამის შემდეგ გეგმაში გვაქვს, რომ ჩვენთან უცხოეთიდან ჩამოვიდნენ მევენახე, მეღვინე ფერმერები, რომლებიც ჩვენთან იცხოვრებენ , კურსს გაივლიან და ამ სფეროში განათლებას მიიღებენ,’’ - ამბობენ გია გამტკიცულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ტყუპების საღვინე სახლი’’ 25 წელია ბაზარზე ოპერირებს, წლიურად 500 000 ბოთლ ქვევრის ღვინოს აწარმოებს და საქართველოსა და რამდენიმე ქვეყნის ბაზრებზე აქტიურად ყიდის, მიმდინარე წელს კი მათი ღვინო საფრანგეთის ბაზარზეც შევიდა. "ტყუპების საღვინე სახლი’’ ასევე აერთიანებს ტურისტულ კომპლექსს, რომელიც წარმოდგენილია 30 ნომრიანი სასტუმროთი, თავისი აუზით, საუნით, სარესტორნო სივრცეებით და ღია და დახურული მარნით.