მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინელებისთვის საფრთხე არ არსებობს" - ანდრეი კასიანოვი განმარტებისთვის დაიბარეს

63d13c4363596
BM.GE
25.01.23 18:21
911
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრიი კასიანოვი ახსნა-განმარტებებისთვის გამოიძახეს, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ეთხოვა განმარტება მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეთა შესაძლო ევაკუაციას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გამოხატა შეშფოთება აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოფიციალური კიევის პოზიციას, რომელიც მადლიერია საქართველოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, რაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს უკრაინაში საქართველოს ელჩს და აღნიშნეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის.

როგორც უკრაინის დროებით რწმუნებულთან შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის უსაფუძვლო განცხადებები ხელს არ უწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. გამოითქვა იმედი, რომ მხარეები მიმართავენ ძალისხმევას ურთიერთობის შემდგომი განვითარებისკენ", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ: ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ თუკი რუსეთთან ფრენები აღდგება, შესაძლოა, საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნა საფრთხის წინაშე დადგეს და უკრაინამ მათი ევაკუაცია მოითხოვოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები