უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტის მიერ 2 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქემ უკრაინული BTA Bank-ის საკონტროლო პაკეტის შესყიდვის უფლება მოიპოვა.
დოკუმენტის თანახმად, ბანკის აქტივების შესყიდვით ფიზიკური პირი რატი ჭელიძე დაინტერესდა, მაგრამ მან ბანკის შესყიდვისთვის კიდევ ერთი უფლება უკრაინის ეროვნული ბანკისგან უნდა მიიღოს. დღევანდელი მონაცემებით კი ბანკს ნებართვა ჯერ არ გაუცია.
უკრაინული BTA Bank-ის აქციონერები წლებია, რაც ბანკის აქტივების გასხვისებას ცდილობენ. თავის დროზე, ბანკის შესყიდვით მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-იც იყო დაინტერესებული, რომელსაც 2021 წელს უკრაინის ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა მწვანე შუქიც აუნთო, მაგრამ რა მოხდა მოგვიანებით და რატომ არ შეიძინა მიხეილ ლომთაძის კომპანიამ უკრაინული ბანკი, ჯერაც უცნობია. ლომთაძემდე ერთი წლით ადრე, BTA Bank-ის შესყიდვით ინტერესდებოდა ბელორუსი ბიზნესმენმა ნიკოლაი ვორობეი, მაგრამ უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა მას ამის უფლება არ მისცა, რაც ვორობეიზე დაწესებული სანქციებით ახსნა.
რატი ჭელიძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმიანი პარტნიორია. მისი სახელი კეზერაშვილთან ერთად Panama Papers-ის სიაშიც ფიგურირებდა.
მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლის მონაცემებით, BTA Bank-ი 292.1 მილიონი გრივნის აქტივებს (დაახლ. $8 მლნ) და 66 მილიონი გრივნის ვალდებულებებს (დაახლ. $1.8 მლნ) ფლობს. ამასთან, ბანკის კაპიტალი 226.1 მილიონ გრივნას (დაახლ. $6.2 მლნ) ხოლო წმინდა წაგება - 2.4 მილიონ გრივნას (დაახლ. $65 ათასს) შეადგენს.
ამ დროისთვის, უკრაინულ BTA Bank-ს ყაზახური BTA Bank-ი ფლობს, რომელსაც, თავის წილ, ორი მსხვილი მესაკუთრე - ყაზახი მეწარმე კენეს რაკიშევი (70.54%) და მის მფლობელობაში არსებული ჰოლდინგური კომპანია Fincraft Group-ი (29,02%). თავად კენეს რაკიშევი ყაზახეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ყაზახური Forbes-ი $960 მილიონად აფასებს.

























