საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი, რომელიც პოსტს მალე დატოვებს, უზბეკეთის რესპუბლიკურ საფონდო ბირჟას “ტაშკენტს” უხელმძღვანელებს. გიორგი ფარესიშვილმა გადაცემა “რედაქტორის” ეთერში სამომავლო გეგმებისა და უზბეკეთის საფონდო ბაზრის განვითარების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა.
“დამიკავშირდნენ უზბეკეთის ფინანსთა სამინისტროდან, რომელიც ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელია. მათი მინისტრის მოადგილე იყო ჩართული მოლაპარაკებაში და პოზიცია შემომთავაზა, თქვა რომ უზბეკეთში საფონდო ბაზარი სწრაფად იზრდება და კაპიტალის ბაზრის განვითარების ამბიციური გეგმები აქვთ. უზბეკეთი ცდილობს ბევრი სახელმწიფო კომპანიის ბირჟაზე გაყვანას და ამ საქმიანობის მართვისთვის გამოცდილ ადამიანს ეძებენ, რომელსაც საქმიანობის, როგორც დასავლური, ასევე რეგიონალური გამოცდილება აქვთ.
ტაშკენტის ბირჟის ძირითად წილს ფლობს სახელმწიფო, შესაბამისად, როგორც ამიხსნეს ჩემი დანიშვნის საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე შეთანხმდა, როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში, ასევე პრეზიდენტის ოფისში, შემდეგ ვიცეპრემიერი იყო ჩართული და ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდა.
ამჟამად საქართველოში გადაბარების პროცესში ვარ და სექტემბრის პირველ კვირაში უკვე ტაშკენტის ბირჟის გენერალურ დირექტორად ოფიციალურად იქ ვინიშნები,”- განაცხადა გიორგი ფარესიშვილმა.
მან ასევე ეკონომიკური გარდაქმნის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმების შედეგად, უზბეკეთის ეკონომიკის ზომა 120 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
“უზბეკეთის ეკონომიკა არის 60 მილიარდი და თუ ამ რეფორმებით მოხდება ეკონომიკაში სახელმწიფოს წილის შემცირება და არაფორმალური სექტორი გათეთრდება, მაშინ ყველანაირი გათვლებით უზბეკეთს აქვს პოტენციალი მისი მშპ 120 მილიარდი დოლარი გახდეს. ეს ქვეყანა იხსნება"- განაცხადა ფარესიშვილმა.