მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაკის პარკში მომხდარზე 100-მდე პირი დაიკითხა - მათ შორის კომპანია "გრინსერვის+"-ის წარმომადგენლები" - დეტალები

6349a22861fda
ალა ისპირიანი
14.10.22 22:00
677
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე 100-მდე პირია დაკითხული. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე კახა მურადაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, დაკითხულთა შორის სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები არიან.

„გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები, რომელშიც მონაწილეობას, როგორც შსს, ასევე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები იღებდნენ. დაიკითხა, როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. დაიკითხნენ სკოლის პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის პირი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაციას ფლობდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა. დაახლოებით ასი პირია დაკითხული ამ ეტაპზე. გამოძიება სწავლობს ყველა დოკუმენტაციას, რომელიც ამოღებულია შემსრულებელი კომპანიისა და თბილისის საქალაქო სამსახურიდან. ეს დოკუმენტაციაა საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია, მიღება-ჩაბარების აქტები, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც შემხებლობაში არის აღნიშნული სამუშაოს წარმოებასთან თუ დაპროექტებასთან“, – განაცხადა კახა მურადაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, რომლის პროექტიც ექსპლუატაციაში მერიას უკვე მიღებული ჰქონდა, მოზარდებს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები ვაკის პარკში თამაშობდნენ, მათ ბურთი წყალში ჩაუვარდათ და ამოსაღებად როცა ჩავიდნენ, დენმა დაარტყათ. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვისაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დანაშაული მიუძღვის, ყველა პასუხს აგებს, მათ შორის თავად მერიც.

ვაკის პარკში შადრევნების და კასკადის რეაბილიტაცია კომპანია "გრინსერვის+"-მა  განახორციელა და ამ დროისთვის კომპანიას სახელმწიფოსგან 6 324 286.07 ლარი აქვს მიღებული, რაც საერთო ღირებულების 49%-ია. მთლიანად ვაკის პარკის განახლების პროექტი 33 მილიონი ლარი ჯდება, საიდანაც 11.8 მილიონი ლარის ხელშეკრულება “გრინსერვისი+”-თან გაფორმდა. ამ თანხიდან 6.5 მილიონი ლარი კი კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები