მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაქცინის შემოტანამდე ნდობა უნდა გააჩინო" - სანდრო ურუშაძე ჯანდაცვის სამინისტროს როლზე

604b99a0e5ee3
თათია ჩაფიჩაძე
12.03.21 21:18
667
ჯანდაცვის ექსპერტი სანდრო ურუშაძე ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესის წარმატებით მიმდინარეობისთვის  უმნიშვნელოვანესი მოსახლეობაში ნდობის მოპოვებაა, რომლის მიღწევა სამინისტროს სწორი კომუნიკაციით ევალება.

ურუშაძე ფიქრობს, რომ დღემდე მოქალაქეებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიტანა არ მომხდარა, რაც აზრთა სხვადასხვაობას და არსწორი ინფორმაციის დაჯერებას იწვევს.

ჯანდაცვის ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ ქვეყანამ წლის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამის მიხედვით, მოსახლეობის 60%-ის მოცვა შეძლოს, სწორი საკომუნიკაციო კამპანიის გარდა, ჯანდაცვის უწყების მიერ ვაქცინების შესყიდვის პროცესში მეტი აქტიურობაა საჭირო.

„ჩვენ უნდა ავცრათ 2 მლნ-მდე მოქალაქე და ამ მიზანს მივაღწევთ თუ არა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენს ავცრით დღეში, რამდენად სწრაფად მოვახერხებთ ამ პროცესის დალაგებას. მე მაქვს იმედი რომ 60%-ის აცრას შევძლებთ და ამისთვის, ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის ვაქცინის მოწოდება. კარგია რომ სამინისტროს COVAX-პლატფორმის გარდა, პირდაპირი ურთიერთობები აქვთ მწარმოებლებთან. ეს შედეგს გამოიღებს, თუმცა რამდენად სწრაფად მოვახერხებთ ჩვენ ვაქცინის საკმარისი რაოდენობით შემოტანას, ეს დამოკიდებული იქნება მეტ აქტიურობაზე.

რაც შეეხება ნდობას, ეს გამოჩნდება ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ. ჩვენ ვიცავთ სამედიცინო სექტორს, მაგრამ რანდენად მზად არიან დათანხმდნენ აცრას, ეს არის მეორე კომპონენტი და ნებაყოფლობითი. გუშინ ვისმენდი რომ ევროპის გარკვეულმა ქვეყნებმა შეაჩერეს "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრა, სამწუხაროდ სამინისტრო ვერ ახერხებს ოპერატიულად ამ ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის. არსად ითქვა, რომ ეს მხოლოდ დროებითი იყო და მხოლოდ კონკრეტულ პარტიაზე, რომ ზოგადად ეს გართულებები არ განსხვავდება ამდაგვარი გართულებების საერთო სიხშირეზე. ათეულ მილიონობით ადამიანი აიცრა და გართულება მხოლოდ ერთეულებზე მოხდა. სრულად და დროულად უნდა მივიტანოთ ეს ყველაფერი მოქალაქეებამდე, რომ ნდობა გაუჩნდეთ.“ - ამბობს ურუშაძე.

რაც შეეხება ჩინური ვაქცინის შემოტანას, ურუშაძე ფიქრობს, რომ აქცენტი არა წარმომავლობაზე, არამედ აკრედიტაციაზე უნდა გაკეთდეს.

„ჩინეთი „სამშობლოა“ ამ ვირუსის, მათ პირველი ჰქონდათ გენური ინფორმაცია, პირველებმა დაიწყეს მუშაობა. მათ შემთხვევაში შეშფოთებას იწვევს ის, რომ სრულად ვერ მიაწოდეს ინფორმაცია, გვიან გააკეთეს ეს, ჯანმოს ექსპერტებსაც პრობლემა ჰქონდათ მათთან ურთიერთობაში და ეს აჩენს კითხვებს.
მთავარი ის კი არ არის რომ ჩინურია, მთავარია რომ ის აღიარებული იყოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ. ბევრმა ქვეყანამ დაუშვა ამ აღიარებამდე და მათ აიღეს ეს პასუხისმგებლობა. მეორეა ნდობა, შემოტანამდე ნდობა უნდა გააჩინო და ამ ნდობის გაჩენას სჭირდება სწორედ სამინისტროს მტკიცე პასუხი, რომ ეს არის უსაფრთხო და საკმარისად ეფექტიანი", - აცხადებს სანდრო ურუშაძე.

ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინის პირველ პარტიას ხვალ ელოდებიან. 15 მარტიდან კი მოსალოდნელია ვაქცინაციის პროცესის დაწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები