„ჩვენ ვერაფერი გავიგეთ თქვენგან იმის შესახებ, თუ რა ხედვა გაქვთ რეგიონებთან დაკავშირებით. უნდა დარჩეს თუ არა რომელიმე გადასახადი რეგიონებს, რომ მათ ჰქონდეთ რეალური თვითმმართველობა, რომელიც არ აქვთ და მთლიანად დამოკიდებული არიან თქვენზე“, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა დავით კირკიტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, რომელსაც პარლამენტმა "მინისტრის საათის" ფორმატში გუშინ გვიან ღამემდე მოუსმინა.
დავით კირკიტაძის განცხადებით, სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს ვრცელი გამოსვლა, თუმცა ვერ მიიღეს პასუხი რეგიონებში მაცხოვრებელი ადამიანების მთავარ გამოწვევაზე - სიღარიბეზე.
„მოვისმინეთ საკმაოდ ვრცელი გამოსვლა. მოვუსმინეთ იმ ადამიანს, რომელიც მართლაც კარგად არის გარკვეული ინფრასტრუქტურულ პრობლემებში, იცის თითოეული პროექტის შესახებ, არის საქმის კურსში, თუმცა ვერ მოვუსმინეთ რეგიონული განვითარების მინისტრს, რომელმაც არ უპასუხა მთავარ გამოწვევას, რაც აქვს საქართველოს რეგიონებში მაცხოვრებელ ჩვენს მოსახლეობას. მთავარი გამოწვევები რეგიონებში მაცხოვრებელი ჩვენი ხალხის არის სიღარიბე.
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის დიდი დისბალანსი შემოსავლებში, რომელიც აქვს არა მხოლოდ რეგიონების მიხედვით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არამედ რეგიონების შიგნით რაიონებში და მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც. თქვენ ვერ წარმოიდგინეთ ხედვა თუ რა იქნება და რას გააკეთებთ იმისათვის, რომ ეს კატასტროფული დისბალანსი აღმოიფხვრას და არ მოუწიოს რეგიონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ჩამოვიდნენ დედაქალაქში, აქ ეძებონ შემოსავლები და შესაბამისად რეგიონები დაიცალოს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
მისი თქმით, ერთი მხრივ, სახელმწიფო ვალის ერთ-ერთი ამთვისებელი არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგრამ, მეორე მხრივ, ქვეყნის ყველაზე ღარიბი მოქალაქეები რეგიონებში ცხოვრობენ.
„თქვენი სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განმკარგავია სახელმწიფო ბიუჯეტის და ჩვენი სახელმწიფო ვალის, რომელიც კატასტროფულად არის გაზრდილი. ამის ამთვისებელი არის თქვენი სამინისტრო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთი მხრივ, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველაზე გაჭირვებული, ყველაზე ღარიბი ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ რეგიონებში. ანუ თქვენ ბევრს საუბრობთ რაღაც კონკრეტულ პროექტებზე, მაგრამ დარბაზის აშენება და სკვერის მოწყობა მთავარ გამოწვევას ვერ პასუხობს. თუნდაც ის გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვერ პასუხობს იმ გამოწვევას საერთოდ, რაც აქვს რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს და ეს არის მთავარი“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.