მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიმედოვნებთ, ახალი ინვესტორები შემოვლენ" - ოსმან თურანი დიაგონალური კუმულაციის ეფექტზე

631b201b22ecc
მარიამ ვარადაშვილი
09.09.22 15:36
871
საქართველოში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ოსმან თურანი იმედოვნებს, რომ საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება ინვესტორების რიცხვს გაზრდის. მისივე თქმით, შეთანხმებამ ტექსტილის გარდა, შესაძლოა, სამშენებლო და შესაფუთი მასალების სექტორებიც მოიცვას.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეოსი) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი.

“სავაჭრო ურთიერთობები თურქეთ-საქართველოს შორის ყოველწლიურად დადებითისკენ ვითარდება. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ახალი პროდუქტები ემატება დიაგონალური კუმულაციის საშუალებით. დღეს სწორედ ამიტომ იმართება ეს შეხვედრა. თურქული და ქართული კომპანიები შეხვდებიან და იმსჯელებენ როგორ შეიძლება ეს შეთანხმება რეალობად იქცეს. დღევანდელი ხელმოწერის შემდეგ, ვიმედოვნებთ კიდევ შემოვლენ ახალი ინვესტორები, რადგან დიაგონალური კუმულაცია ევროპის ქვეყნებში ექსპორტის საშუალებას იძლევა. აქედან გამომდინარე, ინტერესი საკმაოდ დიდია. ტექსტილის ინდუსტრიაში ეს შეთანხმება მალე ამოქმედდა, გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები და შედეგებს ვნახავთ მალე, დანარჩენ სექტორებს რაც შეეხება, ვნახოთ”, - აცხადებს თურანი.

შეგახსენებთ, დღეს ფორუმი სახელწოდებით “დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის - სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები“ გაიმართა. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოსა და თურქეთის მთავრობების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ასევე ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის, სავაჭრო პალატებისა და ასოციაციების წარმომადგენლები, აგრეთვე მეწარმეები საქართველოდან და თურქეთიდან.

ფორუმზე აღინიშნა, რომ დიაგონალური კუმულაცია, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის პოტენციალის ზრდასთან ერთად, ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინებას თურქეთიდან. ამასთან, ქართველი და თურქი მეწარმეების მიერ ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობით, დიაგონალური კუმულაცია წაახალისებს ინოვაციებს და შექმნის ახალ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს.

ფორუმზე ასევე წარიმართა საუბარი საქართველოში არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე. გარდა ამისა, გაიმართა B2B შეხვედრები საქართველოსა და თურქეთის კომპანიებს შორის, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი ინვესტიციებით ან/და ერთობლივი საწარმოების შექმნით, დიაგონალური კუმულაციისა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის კონტექსტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები