მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვიწყებთ მედიაციის პროცესს" - „ბორჯომში“ დასაქმებულები ხვალ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადებას შეიტანენ

6272c230c7c6f
ალა ისპირიანი
04.05.22 22:34
1017
“აი დი ეს ბორჯომი საქართველოში” დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის მედიაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით პროფკავშირის თავმჯდომარე, ჯანდაცვის სამინისტროში ხვალ განცხადებას შეიტანს.

როგორც Bm.ge-სთან აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ განმარტა, განცხადება შეთანხმების იმედით შეაქვთ, მაგრამ თუ 21 დღის განმავლობაში შეთანხმება არ მოხდა, დასაქმებულებს კანონიერი გაფიცვის უფლება ექნებათ.

„ჯანდაცვის სამინისტროში წერილს იმის თაობაზე შევიტანთ, რომ მედიაციის პროცესი გვინდა. კანონმდებლობის შესაბამისად იმისთვის, რომ გაფიცვა კანონიერი იყოს მედიაციის პროცესის დაწყებაა საჭირო. 

როდესაც ჩვენ განცხადებას შევიტანთ, ჯანდაცვის სამინისტრო მედიატორს გამოყოფს, ამის შემდეგ სახელმწიფოს წარმომადგენელი, პროფკავშირები, დასაქმებულები და დამსაქმებელი ერთად დასხდებიან რათა არსებული პრობლემები მოგვარდეს. თუ პრობლემები არ მოგვარდება, დასაქმებულებს 21 დღის შემდეგ სრული უფლება ექნებათ კანონიერი გაფიცვა აწარმოონ. ეს წერილი, რომ არ შევიტანოთ მაშინ ნებისმიერი სახის გაფიცვა უკანონო იქნება. ჩვენ არ გვინდა რაიმე უკანონო ქმედება ჩავიდინოთ, ვექცევით კანონმდებლობის ჩარჩოებში და ვიწყებთ ამ პროცესს", - განაცხადა აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ.

ცნობისთვის, დღეს, „ბორჯომის“ ქარხანასთან კომპანიის თანამშრომლების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები კომპანიის მიერ ახალი ხელშეკრულების პირობების შეთავაზების გამო შექმნილი გაუგებარი ვითარების გარკვევისა და მათთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიის მიღების მიზნით, გენერალურ დირექტორ - ივანე მაჭავარიანთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, „აიდიეს ბორჯომის“ საბანკო ანგარიშები 15 მარტს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო გაიყინა, რის შესახებაც საჯარო უწყებებს ეცნობათ. 29 აპრილს კი კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ქარხნები გაყინულ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის აღდგენისთანავე ამოქმედდება, კომპანიაში დასაქმებულ 1 000-მდე ადამიანს კი სამუშაო ადგილი და ხელფასები შეუნარჩუნდებოდათ. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის შესახებ დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები