მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წინასწარ განზრახულ ქმედებას ჰგავს" - "გრინსერვის+"-ის დირექტორი

634a4247e1d9a
BM.GE
15.10.22 09:17
2668

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები 3 დღეა მიმდინარეობს. გუშინ გვიან ღამით დასრულდა კომპანია "გრინსერვის+"-ის დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის გამოკითხვა, რომელმაც საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ თქვა, რომ შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა.

ფურცხვანიძის განცხადებით, აპარატურაც შემოწმებულია საქართველოში ჩამოსვლამდე, გარდა ამისა, ყველა დოკუმენტი არსებობს, რაც პოლიციამ უკვე ნახა.

„ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთ რაღაცას, წინასწარ განზრახულ ქმედებას ჰგავს, სხვას მე ვერაფერს ვიტყვი, ამას უკვე გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც, სამი საათი მუშაობდნენ, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ. მეტსაც გეტყვით, ძაღლი ჩახტა სამჯერ, კადრებიც არის. ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმი გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

კომპანიის დირექტორი იმასაც ამბობს, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოძიებასთან ბოლომდე ითანამშრომლებს.

„იმაზე მეტ სასჯელს ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა. მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მაგრამ ის პატარა უმწიკვლო არსება, რომელიც გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემს სასჯელად. მანამდე ყველაფერი მწყობრში იყო, ძალიან ბევრი დამთხვევაა და ძალიან ბევრი რამ, ასე არ ხდება“, - ამბობს ის.

ფურცხვანიძის მტკიცებით, მას პირადად აქვს ნანახი გაჟონვის „რელე“, რომელიც 300 ლარი ღირს და გამართულად მუშაობდა.

„ჩემი გადმოსახედიდან, 25 წლის განმავლობაში ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, არაერთი შადრევანი გაგვიკეთებია და ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ძალიან მაინტერესებს ექსპერტიზამ დაადგინოს, რა მოხდა“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, რომლის პროექტიც ექსპლუატაციაში მერიას უკვე მიღებული ჰქონდა, მოზარდებს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა. მოზარდები ვაკის პარკში თამაშობდნენ, მათ ბურთი წყალში ჩაუვარდათ და ამოსაღებად როცა ჩავიდნენ, დენმა დაარტყათ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გრძელდება, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვისაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დანაშაული მიუძღვის, ყველა პასუხს აგებს, მათ შორის თავად მერიც.

ვაკის პარკში შადრევნების და კასკადის რეაბილიტაცია კომპანია "გრინსერვის+"-მა განახორციელა და ამ დროისთვის კომპანიას სახელმწიფოსგან 6 324 286.07 ლარი აქვს მიღებული, რაც საერთო ღირებულების 49%-ია. მთლიანად ვაკის პარკის განახლების პროექტი 33 მილიონი ლარი ჯდება, საიდანაც 11.8 მილიონი ლარის ხელშეკრულება “გრინსერვისი+”-თან გაფორმდა. ამ თანხიდან 6.5 მილიონი ლარი კი კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები