მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წყალტუბო უნდა გახდეს ახალი სარეკრეაციო სპა-ქალაქი" – განვითარების კონცეფცია დღეს წარადგინეს

5f92e57ac7490
ინგა მურუსიძე
23.10.20 21:17
2379
წყალტუბოში დღეს კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სექტემბერში გამოცხადებულ კონკურსში წინადადებები სამმა კომპანიამ - შპს „ბაუ დიზაინმა“, შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეორგაფიკმა“ და შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ წარადგინა.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, წყალტუბოს ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, ბევრია გაკეთებული, მაგრამ კურორტის განვითარება შეუძლებელია იმ ძველი ობიექტების ამოქმედების გარეშე, რაც წყალტუბოში ბევრია და გენგეგმის შექმნაც სწორედ ამას ემსახურება. ვიცე-პრემიერის თქმით, პირველ ეტაპზე, წყალტუბოს ობიექტების ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო პოტენციალის შეფასების შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო საინვესტიციო კონკურსს გამოაცხადებს.

„პირველ ეტაპზე, საინვესტიციო კონკურსის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ძველი სასტუმროების პრივატიზება, შემდეგ კი, გენგეგმის საფუძველზე, ნებისმიერ სხვა ინვესტორსაც ექნება საშუალება უკვე გეგმაზომიერი გენგეგმის მიხედვით განახორციელოს თავისი ინვესტიცია წყალტუბოში”, - აღნიშნა მინისტრმა.

ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ წყალტუბოს სასტუმროების და ბიზნესის მომსახურებაში დაახლოებით, 20 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის და კომპანია „არტ სტუდიოს“ წარმომადგენლის, ნია გიუაშვილის მოსაზრებით, წყალტუბოში სამედიცინო ტურიზმი უნდა განვითარდეს და „არტ სტუდიოს“ ხედვაც სწორედ ეს არის.

„წყალტუბოში სამედიცინო ტურიზმის განვითარება იქნება საკვანძო იმისთვის, რომ ქვეყნის პოზიციონირება მოხდეს მთლიანად გლობალურ ბაზარზე სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეს გულისხმობს ყველა ტიპის სამედიცინო სერვისებს, მათ შორის იმას, რაც რეაბილიტაციასთან არის დაკავშირებული. საუკეთესოა აქაური გარემო, ბუნებრივი რესურსები, წყლები, ინფრასტრუქტურა, რომელიც უკვე არსებობს და რომლის შემდგომი განვითარება და გაუმჯებესებაც იგეგმება“,- განაცხადა ნია გიუაშვილმა.

თითქმის იდენტურია „გეოგრაფიკის“ ხედვაც. როგორც მისი ხელმძღვანელი გიორგი გოცაძე ამბობს, წყალტუბო უნდა გახდეს ახალი სარეკრეაციო გამაჯანსაღებელი სპა-ქალაქი.

„საჭიროა სპეციალური და განსაკუთრებული ეკოლოგიური სტატუსი, მობილობის გეგმა, არსებული რესურსების და კულტურული მემკვიდრეობის და მოთხოვნების სწორი ბალანსირება“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები