მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყინწვისის მარანი" წარმოებაში 100 000 ლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს

6262d4c2663b8
ალა ისპირიანი
22.04.22 22:24
1215
ყინწვისის მარანი ღვინის წარმოების 2-დან 15 ტონამდე ზრდას გეგმავს. როგორც მარნის ერთ-ერთმა მეპატრონემ, აკაკი ლომიტაშვილმა Bm.ge-სთან განაცხადა, წარმოებაში 100 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

„ამ დროისთვის გვაქვს მცირე წარმოება. ორიენტირებული ვართ ხარისხზე. ვაწარმოებთ 2 ტონა ღვინოს და გვაქვს 15 ტონის ტევადობის ჭურჭელი, იმისათვის, რომ ჩვენი მარნის ჭურჭელი სრულად დაიტვირთოს წარმოების ზრდისთვის 100 000 ლარის ინვესტიციაა საჭირო. ვაწარმოებთ ჩინურს, გორულ მწვანეს და შავკაპიტოს. დაწყებული გვაქვს ვენახების უფრო დიდ ფართობზე გაშენება“, - განაცხადა აკაკი ლომიტაშვილმა.

ფერმერის თქმით, ღვინის რეალიზაციაზე მოლაპარაკებები, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე უკვე დაწყებული აქვთ.

„ადგილობრივ ბაზარზე ღვინო შეტანილი გვაქვს: „8000 მოსავალში“, „შავ ლომში“ და სხვა მაღაზიებში. ამ ეტაპზე ასევე გვაქვს სხვადასხვა ბარ-რესტორანთან მოლაპარაკებები, რომ ჩვენი ღვინო შევიტანოთ. მუშაობა დაწყებულია საექსპორტო ბაზრებზეც. ასევე ვმუშაობთ ბაზრის კვლევაზე და უცხოელი პარტნიორების მოზიდვაზე. სხვადასხვა ქვეყნებში სინჯები გვაქვს გაგზავნილი. ასევე ხშირად გვაკითხავენ ტურისტები, მაგალითად, მარნის გახსნიდან დღემდე 2 000-მდე ტურისტს უმასპინძლეთ. წელს ჯერ სეზონი არ დაწყებულა და წინა წლებთან შედარებით უკეთეს სეზონს ველოდებით“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ყინწვისის მარანი 2017 წლიდან ქარელში, კერძოდ, ძამას ხეობაში მდებარეობს. მარანი ადგილობრივ ბაზარზე წლიურად ღვინის 1 000 ბოთლამდე რეალიზაციას ახერხებს. ერთი ბოთლის ღირებულება 30-დან 45 ლარამდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები