პარლამენტში გამართული მინისტრის საათის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდებოდა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები ასახულ იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთ დოკუმენტში, რომელთაგან, როგორც მინისტრმა განაცხადა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 16-17 მაისს, ევროპის საბჭოს რეიკიავიკის სამიტის საბოლოო დეკლარაცია. ილია დარჩიაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საანგარიშო პერიოდში მიღებულ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, როგორიცაა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია და გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები; ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები; ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია; აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ადამიანის უფლებათა ანგარიშები.
მინისტრის განცხადებით, რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემოს ფონზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის განხილვის ერთადერთი ფორმატია. „2022 წელს დიდ სირთულეს წარმოადგენდა ამ პლატფორმის ფარგლებში შეკრების უზრუნველყოფა და საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე წარმატებით შესძლო შეხვედრის ორგანიზება“ - ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თავის გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებებზე საერთაშორისო სასამართლოებში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც რუსეთ-საქართველოს ომი სამართლებრივად შეფასდა და და საქართველომ სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა.
„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად რეგიონში შექმნილი უაღრესად მწვავე უსაფრთხოების გარემოს ფონზე, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.