მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზაფხული ჭკუის სასწავლებელი იყო, ადგილები აღარ გვქონდა" - რა გეგმები აქვს ამბროლაურში მდებარე ბარ "ფოსტას"?

638f312a5ff83
თინათინ ნატმელაძე
11.12.22 23:00
900
"ფოსტა" რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში პირველი ბარია, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ამოქმედდა. როგორც მისი დამფუძნებელი გუჯა კილასონია ამბობს, ბარმა საკმაოდ ბევრ სტუმარსაც უმასპინძლა.

გუჯა კილასონიამ ზაფხულის სეზონსა და სამომავლო გეგმებზე BM.GE-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაზაფხულიდან გაფართოებას, სოციალური კაფის დამატებას და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას გეგმავენ.

მისივე ცნობით, "ფოსტა" რეგიონისთვის ინოვაცია იყო, რამაც იმაზე დიდი დაინტერესება გამოიწვია, ვიდრე ელოდნენ.

"წლევანდელი ზაფხული იყო ჭკუის სასწავლებელი, ადგილები აღარ გვქონდა და მსურველებს ფიზიკურად ვერ ვუმასპინძლდებოდით. რეგიონისთვის ეს ინოვაცია იყო, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია და იმაზე ბევრად მეტი სტუმარი გვყავდა, ვიდრე ველოდით, ის თანხა, რაც მის შექმნაში ჩავდეთ, პირველივე თვეში ამოვიღეთ. სტუმრების ძირითადი ნაწილი ჩამოსული დამსვენებლები და ტურისტები იყვნენ, კერძოდ ევროპის ქვეყნებიდან.

მიუხედავად ამისა, ზაფხულის სეზონის დასრულებასთან ერთად, დროებით დაკეტვა მოგვიწია, რადგან ზამთარში რაჭაში ბევრად ნაკლები ადამიანი რჩება, რაც ბიზნესის მუშაობასაც აფერხებს, სწორედ ამიტომ, გაზაფხულიდან ისეთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც ოთხივე სეზონზე აქტიურად იმუშავებს. სოციალური კაფის სივრცეს ვამატებთ, სადაც კინოჩვენებები ჩატარდება, ასევე, ბარს დაემატება ვერანდა და "ფოსტის" ორგანიზებით, ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება. ამისთვის ერთ-ერთ საგრანტო კონკურსში ვმონაწილეობთ, რომლის სახელსაც ამჟამად ვერ დავასახელებთ, მაგრამ გარკვეული ეტაპები უკვე გადავლახეთ და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, აპრილიდან უკვე სიახლეებით განვაგრძობთ ფუნქციონირებას", - აცხადებს გუჯა კილასონია.

კითხვაზე, ზამთარში ადამიანების სიმცირის გარდა, რა გამოწვევების წინაშე დგას რაჭაში არსებული მცირე ბიზნესები, კილასონია ამბობს, რომ მთავარი პრობლემა პროდუქციის ტრანსპორტირება და კადრების ნაკლებობაა.

"მთავარი სირთულე ზაფხულშიც და ახლაც არის დისტრიბუცია, მაგალითად, "ჯი დი ალკო", "რედბული", ხორცის დისტრიბუტორები და ა.შ. დაბალი მოთხოვნის გამო ძალიან იშვიათად მოდიან რეგიონში, ჩვენ კი, როცა პროდუქცია გამოგველეოდა ან ლოდინი ან საკუთარი სახსრებით ქუთაისიდან ტრანსპორტირება გვიწევდა, რაც ხარჯებს იმდენად ზრდის, რომ ფაქტობრივად, აღარც ღირს", - განმარტავს "ფოსტას" დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, "ფოსტა" დამფუძნებლის პირადი ინვესტიციით შეიქმნა, რაც 10 000 ლარს შეადგენდა. ის მომხმარებელს თანამედროვე სამზარეულოს და სხვადასხვა სახის სასმელს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები