მცხეთაში ახალი ობიექტი გაიხსნა. საუბარია „ბლუდორფზე“, რომელიც აუზს და რესტორანს აერთიანებს.
როგორც „ბლუდორფის“ დამფუძნებელი ირაკლი ვერულაშვილი გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნავს, ობიექტი ზამთრის სეზონის განმავლობაში მხოლოდ დახურულ წვეულებებზე იქნება გათვლილი, ზაფხულიდან კი ინდივიდუალურ სტუმრებსაც მიიღებენ.
„თავდაპირველად მხოლოდ აუზის გაკეთების იდეა გვქონდა. გვინდოდა შეგვექმნა გარემო, სადაც პირველ რიგში თავს კარგად ჩვენ ვიგრძნობდით. შემდგომ უკვე, ვიფიქრეთ, ობიექტი ყველა სეზონზე ყოფილიყო გათვლილი და რესტორნის გახსნაც გადავწყვიტეთ. მომხმარებელს აუზზე მაისიდან მივიღებთ, რესტორანი ყველა სეზონზე იმუშავებს და 100 კაცის მასპინძლობას შეძლებს.
ახლა ჩავეშვით და თვის ბოლომდე ორი შეკვეთა გვაქვს. ჩვენ მსურველებს ორ სერვისს ვთავაზობთ. ერთი - დავუთმობთ ობიექტს და წვეულებას თავად მოაწყობენ და მეორე - ადგილზე სრულ მომსახურებას დავახვედრებთ“, - აღნიშნავს ის.
„ბლუდორფისთვის“ ნახევარ მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ირაკლი ვერულაშვილის განმარტებით, სტარტაპმა „თიბისი სტარტაპერის“ პროგრამით ისარგებლა.
„იდეა და გეგმა თავიდანვე გვქონდა. განხორციელების პროცესში საკმარისი ფინანსები ვერ მოვიძიეთ. დახმარებისთვის თიბისის მივმართეთ და პროგრამა სტარტაპერით ვისარგებლეთ. მათი გვერდში დგომით სურვილი და გეგმები ბოლომდე მივიყვანეთ“, - ამბობს ირაკლი ვერულაშვილი.